Saturday, February 16, 2013

„ჩრეოსი“ - მალტური კომპანიის სუპერ ელექტრომობილი

Maltese Power Company Imagines New Chreos Electric Luxury Sedan that Hits 100km/h in 2.9s
16 თებერვალი

საავტომობილო ბაზარზე ელექტრომობილების დაბრუნებას, მრეწველობის ამ სფეროთი იმ კომპანიების დაინტერესებაც გამოიწვია, რომლებსაც ადრე ავტომობილების წარმოებასთან არაფერი აკავშირებდა. ბაზარზე ახალი, მეტად პერსპექტიული სეგმენტის გამოჩენით, ბევრ კომპანიას გაუჩნდა ამ სფეროში დამკვიდრების შანსი. და ისინიც, ამ შანსის გამოყენებას ცდილობენ.

მართალია, ძირითად საერთაშორისო ბაზრებზე არსებული უმაღლესი სტანდარტები, ამ კომპანიებს შანსის გამოყენებას ურთულებს, მაგრამ „ახლებს“ ხშირად ეს ვერ აჩერებს. ყოველ შემთხვევაში, პირველ, გაბედულ ნაბიჯს ისინი ხშირად დგამენ. ასეთი „ახალია“ კუნძულ მალტაზე ბაზირებული ენერგეტიკული კომპანია „საილექს პაუერი“, რომელიც ეგრეთ წოდებულ მწვანე ენერგიის წარმოებაზეა ორიენტირებული. ის მონაწილეობს როგორც მზის ენერგიის ათვისებასთან დაკავშირებულ პროექტებში, ასევე ჰიდროელექტრულ და ქარის სადგურების მშენებლობაში. მას ბიზნესი აქვს იტალიაში, საფრანგეთში, ბრიტანეთსა და ჩინეთში.
„საილექს პაუერი“ ახლახანს საავტომობილო ბიზნესშიც გამოჩნდა. ჯერ მხოლოდ კონცეპტუალური პროექტით, სახელად „ჩრეოს“, რომელიც ლიმუზინის გაბარიტებით გამოირჩევა. მისი სიგრძე 5420 მილიმეტრია, სიგანე 2160 მილიმეტრი, სიმაღლე 1480 მილიმეტრი, ბორბლებს შორის ბაზა კი - 3540 მილიმეტრი. კომპანია გვამცნობს, რომ ავტომობილი მეტწილად კარბონის კომპოზიტისგანაა დამზადებული, თუმცა მაინც საკმაოდ მძიმეა - 2.2 ტონას იწონის.
კომპანიის მთავარი აღმასრულებელი ჯონათონ გრეხი ამბობს, რომ „ჩრეოსი“ ოთხი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომლებიც ბორბლებშია მოთავსებული და რომელთა ჯამური სიმძლავრე 640 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი - 4400 (!) ნიუტონმეტრი. რაც ელექტრომობილისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ავტომობილის სვლის სიშორე 1000 კილომეტრს აღწევს და თანაც, მისი ელემენტების ბლოკის სულ რაღაც 10 წუთში დამუხტვაა შესაძლებელი. პროექტში წარმოდგენილი გათვლებით, „ჩრეოსს“ ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 2.9 წამში შეუძლია, 200 კმ/სთ-ს მისაღწევად 6 წამზე ნაკლები ჰყოფნის, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 300 კმ/სთ-ს აღწევს.
სამწუხაროდ, მალტური კომპანია ჯერჯერობით არაფერს ამბობს ამ კონცეპტუალურ ავტომობილთან დაკავშირებულ კონკრეტულ გეგმებზე.

No comments:

Post a Comment