Monday, February 25, 2013

„ალფა რომეო 4C“ 240 ცხენის ძალით

Alfa Romeo 4C Gets 236HP, First Image of the Interior Revealed
25 თებერვალი
ახლოვდბა ჟენევის მოტორ შოუ და სულ უფრო მეტი ინფორმაცია ქვეყნდება მისი ექსპონატების შესახებ. ზოგს თვითონ მწარმოებლები აქვეყნებენ, ზოგზე კი მოხერხებული რეპორტიორები ახერხებენ ფოტოების და ცნობების მოპოვებას. ზოგი კომპანია მხოლოდ ფოტო და ვიდეო ტიზერებს, ულუფებად აქვეყნებს, რითაც საზოგადოების ყურადღებას წინდაწინ იქცევს და თავისი სიახლისადმი ინტერესსაც აღვივებს.
მოკლედ, „ალფა რომეოც“ ამ მარაქაშია, რომლისგანაც მოუთმენლად ველით პატარა კუპე 4C-ს გამომზეურებას. ჯერ ერთი იმიტომ, რომ მილანელები ამ ავტომობილით ამერიკის ბაზარზე ბრუნდებიან. მეორეც, სწორედ ამ სპორტსმენით უნდა დაიწყოს ლეგენდარული მარკის აღორძინება. სხვათა შორის, ამ პროცესს, „ალფა რომეოს“ პატრონ „ფიატის“ გარდა, „ფოლკსვაგენის“ ჯგუფიც აკვირდება, რომელმაც მართალია, საჯაროდ გამოაცხადა, სხვა კომპანიების შემოერთებას ვააჩერებთო, მაგრამ „ალფა“ ისეთი ლუკმაა, რომელზეც ვოლფსბურგელები ძნელად თუ იტყვიან უარს. მოკლედ, გერმანულ გიგანტს „ალფას“ აღორძინების ჩაფლავება სურს...

მთელი ეს შესავალი კი მხოლოდ იმიტომ გავაკეთეთ, რომ „ალფა 4C-ს“ ინტერიერი გვეჩვენებინა და ცოტაოდენი ახალი ინფორმაციაც მოგვეყარა მარილად. შეგახსენებთ, რომ ამ შუაძრავიანი კუპეს სერიული ვერსიის ფოტოები მილანელებმა ცოტა ადრე გამოაქვეყნეს. მაშინ ითქვა, რომ 4C ოთხცილინდრიანი, ალუმინისბლოკიანი 1.75-ლიტრიანი ტურბოძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 240 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მამოძრავებელ ძალას უკანა წამყვანი ბორბლები, ძრავთან ორდისკოიანი ქუროთი დაკავშირებული ნახევრად ავტომატური კოლოფის გავლით ღებულობს.
ავტომობილი იმითაცაა გამორჩეული, რომ მისი მზიდი სტრუქტურა და ძარა, მეტწილად კარბონის კომპოზიტისგანაა დამზადებული. ეს მასალა კი სიმტკიცესა და სიმსუბუქეს უზრუნველყოფს. ავტომობილს აქვს სამუშაო რეჟიმები, რომელთა მიხედვითაც, იცვლება საჭის, გადაცემათა კოლოფის, აქსელერატორის და საკიდარის მახასიათებლები. ამ რეჟიმებიდან ყველაზე რადიკალურია სარბოლი რეჟიმი, რომლის დროსაც, 4C წამში ნამდვილ სარბოლო ბოლიდად გარდაიქმნება.

No comments:

Post a Comment