Wednesday, February 6, 2013

ახალი „მუსტანგი“ ახალი პლატფორმით 2015 წელს გამოვა

2015 Ford Mustang, Different Enough to Get New Platform Designation
6 თებერვალი
დადასტურებულად ცნობილია, რომ ახალი „მუსტანგის“ წარმოებას „ფორდი“ 2015 წელს დაიწყებს, ისიც უკვე არაერთხელ ითქვა, რომ ახალი, მეექვსე თაობის „მუსტანგი“, არცერთი წინამორბედის მსგავსი არ იქნება. ახალი ამბავი კი ისაა, რომ ამ ავტომობილს პლატფორმაც სრულიად ახალი ექნება.
ინტერნეტ გამოცემა „მუსტანგსდეილი.კომ“, ანონიმური წყაროს ინფორმაციაზე დაყრდნობით გვაუწყებს, რომ ახალი „მუსტანგისთვის“ მიმდინარეობს ახალი პლატფორმის შემუშავება, რომელიც ამ ეტაპზე, S550-ის სახელითაა ცნობილი. ის შეცვლის S197 პლატფორმას, რომელსაც მეხუთე თაობის „მუსტანგზე“ იყენებენ. ამგვარად, ამ ავტომობილის წარმოების 50 წლის განმავლობაში, მისთვის მეხუთე პლატფორმა მზადდება.
ისიც უკვე ცნობილია, რომ ახალი „მუსტანგი“ გლობალური ავტომობილი იქნება. ანუ, ის ევროპაშიც გაიყიდება. ეს კი ნიშნავს, რომ ის უფრო კომპაქტური და მსუბუქი უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროპელ მყიდველთა გემოვნებას არ დააკმაყოფილებს.

ჯერჯერობით დაზუსტებული არაა ახალი „მუსტანგის“ დიზაინი. ერთხანს იყო ვარაუდი, რომ კონცეპტუალური „ფორდ ევოსის“ (ფოტოზე) სტილში შესრულდებოდა. შემდეგ ითქვა, რომ ის „ფიუჟნის“ კუპეს ვერსია იქნებოდა. მაგრამ რადგან მისთვის ახალ პლატფორმას ამზადებენ, ეს ნიშნავს, რომ „ფიუჟნის“ ვერსია გამოირიცხა. დადასტურებულად მხოლოდ ის ვიცით (საკუთრივ ცისფერი ოვალისგან), რომ ახალი „მუსტანგი“ რეტრო სტილში არ შესრულდება. ამ ავტომობილით, „ფორდო“ ყველა ჯურის და წარმოშობის მყიდველთა გულის მოგებას ეცდება.
დაბოლოს, ახალ პლატფორმასთან ერთად, ახალი მუსტანგი სრულიად ახალი უკანა საკიდარითაც აღიჭურვება. რაც მთავარია, მას მამოძრავებელი ძალით, პატარა და ეფექტური ტურბო ძრავების გამა უზრუნველყოფს.

No comments:

Post a Comment