Tuesday, January 29, 2013

ახალი „ასტონ მარტინ რეპიდ S“ – 550 ცხენის ძალით

New Aston Martin Rapide S gets 550HP and a Huge Grille
29 იანვარი
ორი რამ, რაც „ასტონ მარტინ რეპიდს“ გამოკვეთილად კარგი აქვს, დახვეწილი გარეგნობა და სიმძლავრეა. მაგრამ ოთხკარიანი კუპეების სეგმენტს თანდათან ახალი ავტომობილები ავსებს და კონკურენციაც მძაფრდება. თანაც, უკვე სამი წელია, რაც „რეპიდი“ ბაზარზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას მინიმუმ, ხელის მსუბუქი შევლება მაინც სჭირდებოდა.
ახლახანს, გეიდონელებმა სწორედ ეს გააკეთეს - ინტერნეტით „რეპიდის“ უფრო მძლავრი, გარეგნულად დახვეწილი და მოდერნიზებული ვერსიის, S-ის ფოტოები და ინფორმაცია გაავრცელეს. ფოტოებზე ადვილად შენიშნავთ იმ გარეგნულ ცვლილებას, რაც „რეპიდმა“ S-ვერსიაზე განიცადა. ესაა ზორბა რადიატორი, რომელსაც ფორმა არ შეუცვლია, თუმცა ახლა ორად გაყოფილი აღარაა და ასე ავტომობილს უფრო აგრესიულ იერს ანიჭებს.
მთავარი ცვლილება 6.0-ლიტრიან V12 ძრავს შეეხო, რომელიც „რეპიდ S-ზე“ 120 მილიმეტრით დაბლაა დაყენებული, რითაც მანქანის სიმძიმის ცენტრმა დაბლა დაიწია. აგრეგატი გაძიერდა კიდეც. კერძოდ, სიმძლავრე 470-დან 550 ცხენის ძალამდე, მაბრუნი მომენტი კი - 600-დან 620 ნიუტონმეტრამდე. ძრავის გამანაწილებელ მექანიზმს ორჯერადი ცვალებადი ფაზები აქვს, მისი ცილინდრების წვის კამერები და გამანაწილებელი ლილვები ახალი ტექნოლოგიით დამუშავდა. სხვათა შორის, სერიულ ავტომობილზე ეს ცვლილებები, ბრენდის მოტორსპორტული აქტივობების დროს მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით განხორციელდა.
ძრავის გაძლიერების შედეგად, გაუმჯობესდა ავტომობილის დინამიკური მახასიათებლები. კერძოდ, „რეპიდ S-ს“ ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 4.7 წამში შეუძლია, ანუ სტანდარტულ „რეპიდზე“ 0.4 წამით ნაკლებ დროში. მაქსიმალური სიჩქარე კი 305 კმ/სთ-ია. ოდნავ, მხოლოდ 7 გრამით შემცირდა გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობა, რაც ყოველ კილომეტრზე 332 გრამს შეადგენს.
ავტომობილი ისევ VH პლატფორმაზეა ბაზირებული, რომელიც ექსტრუდირებული ალუმინისგან, მაგნიუმის შენადნობისგან და კომპოზიტებისგანაა დამზადებული. მამოძრავებელ ძალას, ელექტრონიკით მართვადი, 6-საფეხურიანი ნახევრად ავტომატური კოლოფის და გაზრდილი ხახუნის დიფერენციალის გავლით, უკანა, 20-დუიმიანი ბორბლები ღებულობს.

სალონში მუქი ფერები დომინირებს. სავარძლები და მსხვილი დეტალები ძვირფასი ტყავითაა გაწყობილი. უკანა, ინდივიდუალური სავარძლები სპორტულ სტილშია შესრულებული. ექსტერიერის გაფორმებაში კარბონისგან დამზადებული დეტალებიცაა გამოყენებული. მაგალითად, წინა სპლიტერი, უკანა დიფუზორი და სარკეების კორპუსები.

No comments:

Post a Comment