Friday, January 18, 2013

ნიუი: შარშან „რედ ბულს“ ხელი FIA-მ შეუშალა

Last-minute ban spoiled Red Bull's 2012 start – Newey
18 იანვარი

„რედ ბულ რეისინგის“ ტექნიკური დირექტორი ედრიან ნიუი აღიარებს, რომ გასული სეზონის დასაწყისში, FIA-ს (საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია) მიერ ჩასაბერი დიფუზორის ახალი სისტემის აკრძალვამ, RB8-ს კონკურენტუნარიანობა მნიშვნელოვნად დააქვეითა.

„ამ აკრძალვამ უფრო უკან დაგვწია, ვიდრე გვეგონა. მას შემდეგ, რაც ახალი რეგლამენტის ანალიზი ჩავატარეთ, გვეგონა, რომ დიდად არ დაგვაზარალებდა. ამასთან, იმის იმედიც გვქონდა, რომ დანაკარგის კომპენსირებას შევძლებდით. დროის ნაკლებობის გამო, პირველ ტესტებზე ჩვეულებრივი გამოსაბოლქვის მქონე ავტომობილით გამოვედით, რომელსაც მილები ძრავის კაპოტში ჰქონდა“, - გერმანულ ჟურნალ „აუტო მოტორ უნდ შპორტთან“ საუბრისას ამბობს ნიუი და დასძენს, რომ მხოლოდ პირველი ტესტების შემდეგ დაიწყო მუშაობა ეგრეთ წოდებეულ კოანდას ეფექტის მქონე გამოსაბოლქვზე.
ნიუის თქმით, სისტემა, რომელიც სეზონის დაწყებამდე აიკრძალა, სრულიად ლეგალური იყო, რადგან რეალურად, ის წარმოადგენდა მუხრუჭების რთული სისტემის ნაწილს, რომლის მუშაობასაც გამონაბოლქვი აირები უფრო ეფექტურს ხდიდა. მისი გამოყენების უფლებას კი რეგლამენტში არსებული „ღრიჭო“ იძლეოდა.
„რეგლამენტი გვაძლევდა იმის უფლებას, რომ უკანა საკიდარის უკანა ნაწილში, ისეთი მოწყობილობა დაგვეყენებინა, რომელიც ჰაერის ნაკადს მოუყრიდა თავს და საჭირო მიმართულებით გაგზავნიდა“, - ყვება ნიუი. მაგრამ FIA-მ ეს ღრიჭო მალე „ამოავსო“ და ეს სისტემაც არალეგალური გახდა. „რა თქმა უნდა, ამ დანაკარგის სასწრაფოდ კომპენსირება შეუძლებელი იყო. მანქანამ ბალანსი დაკარგა. ხან ჭარბი მოხვევადობა ჰქონდა, ხან - არასაკმარისი“.
ნიუი ამბობს, რომ FIA-ს მიერ ტექნიკური სიახლეების მუდმივი დევნა ხშირად გაწბილებას იწვევს, თუმცა ამას უკვე მიჩვეულია: „სიფრთხილეა საჭირო, რომ წესების ხშირმა ცვლამ, ახლის ძიების სულისკვეთება არ ჩაახშოს. ფორმულა ერთი მარტო ადამიანური ბრძოლის გამო არაა მიმზიდველი, მასში მანქანების ბრძოლაც ძალიან საინტერესოა. რაც მეტი იქნება აკრძალვა, მით სწრაფად დავემსგავსებით GP1-ს. გვინდა ეს? ძალიან მიკვირს, როდესაც ჩემი ბევრი კოლეგა, ტექნიკური სამუშაო ჯგუფის თათბირებზე, ახალ აკრძალვებს ემხრობა. წარმოიდგინეთ, შობის დღესასწაულის წინ, ინდაურებს არჩევანის საშუალება რომ მივცეთ, რა იქნებოდა“.

No comments:

Post a Comment