Sunday, January 20, 2013

„მერსედეს-ბენცმა“ ახალი CLA გაგვაცნო

Mercedes-Benz CLA Officially Launched
20 იანვარი

„მერსედეს-ბენცმა“ თავისი სამოდელო გამა ახალი აცვტომობილით შეამკო. ეს არის სპორტული სედანი, ან თუ გნებავთ, ოთხკარიანი კუპე CLA, კომპაქტური ავტომობილი, რომელიც ახალი A-კლასის წინაამძრავიან პლატფორმა MFA-ზეა ბაზირებული და რომელიც მალე სრულამძრავიან (4MATIC) ტრანსმისიასაც მიიღებს. სამქიმიანების გამაში, ეს ავტომობილი, A და C-კლასებს შორის ნიშას შეავსებს. ამასთან, ორივეზე გრძელია.

როგორც შტუტგარტელები აღიარებენ, CLA მათს ისტორიაში, აეროდინამიკურად ყველაზე დახვეწილი ავტომობილია. მისი აეროდინამიკური წინააღმდეგობის კოეფიციენტი (cd) არის მხოლოდ 0.23. ავტომობილი ბენზინისა და დიზელის ძრავების ფართო გამას მიიღებს. „მერსედეს-ბენცმა“ეს ავტომობილი დეტროიტის მოტორ შოუზე, მხოლოდ მედიას წარუდგინა, ოფიციალური პრემიერა კი ბერლინში, მოდის კვირეულის დღეებში შედგა.
კიდევ უფრო დაბალი აეროდინამიკური წინააღმდეგობის კოეფიციენტი (0.22) აქვს ვერსია CLA 180 ბლიუეფისიენსის. ამაში მას ხელს რიგი ფაქტორები უწყობს, მათ შორის, აეროდინამიკურად დახვეწილი ფორმის მქონე ბორბლები, ბორბლების მინი სპოილერები, რომლებიც საბორბლე თაღებზეა დამაგრებული, სპეციალური უკანა მაყუჩი, რომელიც უკანა დიფუზორთანაა კომბინირებული.
CLA-ს გაბარიტებია: სიგრძე 4630 მილიმეტრი, სიგანე (სარკეებიანად) 2032 მილიმეტრი, სიმაღლე 1438 მილიმეტრი, ბორბლებს შორის ბაზა 2700 მილიმეტრი. ამგვარად, ის C-კლასზე 38 მილიმეტრით გრძელია. სამაგიეროდ, ბაზა მასზე 61 მილიმეტრით მოკლე აქვს.
ევროპის ბაზარზე, საბაზო მოდელია CLA 180, რომელიც გერმანიაში 28 977 ევრო ღირს. ეს ავტომობილი ბენზინის 1.6-ლიტრიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 120 ცხენის ძალას და 200 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ამ აგრეგატით, ავტომობილის ადგილიდან ასის აკრეფა 9.3 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე 210 კმ/სთ-ია, საწვავის საშუალო ხარჯი კი 5.4-5.6 ლ/100 კმ.
იგივე ფასი ღირს ამ ავტომობილის ვერსია „ბლიუეფისიენსი“, რომლის სტანდარტული აჩქარებაც 0.6 წამით ნელია, მაქსიმალური სიჩქარე 190 კმ/სთ-ზეა ლიმიტირებული. სამაგიეროდ, ასი კილომეტრის გასავლელად, მხოლოდ 5.0 ლიტრ საწვავს მოიხმარს და ყოველი კილომეტრის გავლისას, მხოლოდ 118 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს.
ძრავების გამაში ჯერ მხოლოდ ერთი დიზელი შედის. CLA 220 CDI აღჭურვილია 2.2-ლიტრიანი ძრავით, რომლის სიმძლავრეც 167 ცხენის ძალა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 350 ნიუტონმეტრია. ამ ძრავით, ავტომობილს 100 კმ/სთ სიჩქარემდე აჩქარება 8.2 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე 230 კმ/სთ-ია. ესაა CLA კლასის ყველაზე ეკონომიური ავტომობილი - 100 კილომეტრის გასავლელად 4.2-4.5 ლიტრი საწვავი ჰყოფნის, გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობა კი 109-117 გრამია. დიზელისძრავიანი ვერსიის სასტარტო ფასი გერმანიაში 37 991 ევროა.
„კონცეპტუალურ CSC-ზე (კონსეპტ სტაილ კუპე) წარმოუდგენლად კარგი გამოხმაურება მივიღეთ. ყველაზე ხშირად ასეთ გამოხმაურებას ვღებულობდით: გთხოვთ, ამ ავტომობილის წარმოება დაიწყეთ. ახლა სწორედ ამას ვაკეთებთ. CLA არის ავტომობილი, რომელიც საშუალო დონით არ მოგაწყენთ. მისი სპორტული სტილი, „მერსედეს-ბენცის“ სპორტულ მხარეს უსვამს ხაზს“, - ამბობს „დაიმლერის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და „მერსედეს-ბენცის“ ხელმძღვანელი, დოქტორი დიტერ ცეტშე.
შტუტგარტელებმა ევროპაში CLA-ზე შეკვეთების მიღება უკვე დაიწყეს, მიწოდებას კი აპრილში შეუდგებიან.

No comments:

Post a Comment