Friday, January 18, 2013

ჰაერზე მომუშავე ავტომობილი

Compressed Air-Powered Tata Vehicle to Get 200 Km/125 Miles Range
18 იანვარი

ავტომობილის მამოძრავებლად შეკუმშული აირის გამოყენება ახალი იდეა არ არის. უკვე დიდი ხანია, ამ მიმართულებით ექსპერიმენტები ტარდება, მაგრამ ჯერ ტექნოლოგია იმდენად ვერ დაიხვეწა, რომ სერიულ წარმოებაში დაინერგოს. თუმცა, მას შემდეგ, რაც საქმეში „ტატა მოტორსი“ ჩაერთო, კონსტრუქციის დანერგვის პერსპექტივაც გაიზარდა.
ინდურმა კომპანიამ შეიმუშავა შეკუმშულ აირზე მომუშავე ავტომობილი, რომლის წარმოებაც საკმაოდ იაფი ჯდება და საექსპლუატაციოდაც მოსახერხებელია. „ტატას“ ინჟინრებმა შეიმუშავეს ექსპერიმენტული ავტომობილი, რომელმაც ტესტების დროს, ერთი დამუხტვით, 200 კილომეტრის გავლა შეძლო!
ტესტებმავე აჩვენა, რომ ყოველი მილის (1.6 კილომეტრის) გავლა, ამ მანქანით 3 ევროცენტი ჯდება. ექსპერიმენტული მინი ავტომობილის მართვა ჯოისტიკით ხდება, მისი მაქსიმალური სიჩქარე 80 კმ/სთ-ს აღწევს. ანუ, მას დაახლოებით ისეთივე საექსპლუატაციო მახასიათებლები აქვს, როგორიც დაახლოებით იმავე ზომის ელექტრომობილებს. მაგალითად, „რენო ტვიზის“.
მართალია, ექსპერიმენტულმა ავტომობილმა ტესტებზე კარგი შედეგები აჩვენა, მაგრამ „ტატა მოტორსი“ ჯერ არ აზუსტებს, როდის აპირებს ამ ტექნოლოგიის წარმოებაში დანერგვას. როგორც მარკეტოლოგები ამბობენ, შეკუმშული აირის ტექნოლოგია იმდენად მარტივი და იაფია, რომ ინდოეთისთვის მისი დანერგვა მისწრება იქნება.
მაგრამ არსებობს ერთი პრობლემა: რეალურად, ექსპერიმენტული ავტომობილი ძარიანი მოტოციკლია, რომელიც 300 კილოგრამს იწონის. და ასეთი მანქანის ფასი 7000 ევროს აღწევს, რაც საკმაოდ ძვირია. შეკუმშული აირით ასეთი ავტომობილის შევსებას სპეციალური კომპრესორი სჭირდება, რომელიც საყოფაცხოვრებო პირობებში მუშაობს. ერთი დამუხტვის საშუალო ფასი დაახლოებით 3.6 ევროა. ოღონდ, დაზუსტებული არაა, რომელი ქვეყნის პირობებშია ეს ფასი.ნებისმიერ შემთხვევაში, 200 კილომეტრის გასავლელად 3.6 ევრო ძალიან იაფია.
ასეთ ავტომობილს არ სჭირდება შეზეთვა, ძვირადღირებული ელემენტების ბლოკი, რომელიც იმავდროულად, საკმაოდ მძიმეცაა. არც გაგრილების სისტემა, რომელიც როგორც წესი, დიდ ადგილს იკავებს ხოლმე. შეკუმშულ აირზე მომუშავე ძრავი, შიდაწვისაზე თითქმის ორჯერ პატარა და გაცილებით მსუბუქია. სამაგიეროდ, ელექტრომობილზე თითქმის ორჯერ მეტ ელექტროენერგიასაც მოიხმარს (ჰაერის შევსების პროცესში).
სხვათა შორის, „ტატა მოტორსი“ შეკუმშულ აირზე მომუშავე ავტომობილის წარმოების დაწყებას შარშან გეგმავდა, მაგრამ ასე არ მოხდა. სამწუხაროდ, ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის გამოჩნდება ასეთი ავტომობილები ბაზარზე.

No comments:

Post a Comment