Saturday, January 12, 2013

„ფოლკსვაგენის“ საბიუჯეტო ბრენდი მალე ამოქმედდება

VW’s Budget Brand Ready to Launch with 3 Family Cars
12 იანვარი
ახლახანს ვოლფსბურგელებმა გამოაცხადეს, ოჯახის გაფართოება გავაჩერეთ, ახალი ბრენდების შეძენას აღარ ვაპირებთო. გარეთ აღარ ყიდულობენ, მაგრამ მეცამეტე ბრენდის შექმნა მაინც გადაწყვეტილი აქვთ. ევროპის უდიდეს და მსოფლიოში სიდიდით მესამე კომპანიის ჯგუფს მალე კიდევ ერთი ბრენდი შეავსებს, რომელიც საბიუჯეტო ავტომობილების წარმოებაზე იქნება სპეციალიზებული.
ჯერ ამ კომპანიის სახელზე არაფერს ამბობენ, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ ეს იქნება „ტრაბანტი“ - ეს სახელი ყოფილი სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში კარგადაა ცნობილი. ის გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში მუშაობდა და ძალიან იაფსა და მარტივ ავტომობილებს აწარმოებდა.
ახალი ბრენდით, „ფოლკსვაგენმა“ კონკურენცია უნდა გაუწიოს ისეთ საბიუჯეტო კომპანიებს, როგორებიცაა ჩინური „ჯილი“, რუსული „ლადა“ და რუმინული „დაჩია“, რომელთაგან ბოლო ორი „რენო-ნისანის“ ალიანსის კუთვნილებაა. გერმანულ კომპანიას უკვე შემუშავებული აქვს ახალი კომპანიის სამოქმედო გეგმა, რომელიც ამ კომპანიის ავტომობილების საფასო ნიშნით სეგმენტირებას ითვალისწინებს.
საერთაშორისო ანალიტიკური კომპანიების გათვლებით, მალე მსოფლიო გაყიდვებში, იაფფასიან (10 000 ევრომდე ღირებულების) ავტომობილებზე ბაზრის დაახლოებით 13 პროცენტი, ანუ 8 მილიონი მოდის. ჩინეთში კი, რომელიც მსოფლიოს უდიდესი და ყველაზე სწრაფად მზარდი საავტომობილო ბაზარია, ყოველ გაყიდულ სამ ავტომობილზე, ერთი იაფფასიანი მოდის. ეს ნიშნავს, რომ ცისქვეშეთში წლიურად დაახლოებით 3.8 მილიონი საბიუჯეტო ავტომობილი იყიდება.

იაფ ავტომობილებს გაცილებით მეტი წილი უკავია ინდურ ბაზარზე. მსოფლიოს მეორე ყველაზე ხალხმრავალი ქვეყნის ავტობაზრის მოცულობა ჩინეთისასთან ახლოსაც ვერ მივა - იქ მხოლოდ 2.5 მილიონი ავტომობილი იყიდება, რომელთაგან თითქმის ნახევარი საბიუჯეტოა. რუსეთში იაფი ავტომობილების წილი 38 პროცენტია, ანუ 900 000. ამ ქვეყნებში შესაბამისად, ყველაზე პოპულარული ავტომობილებია „სუზუკი-მარუტი“ და „ლადა“.
როგორც ბრიტანული ჟურნალი „ქარ“ იუწყება, „ფოლკსვაგენის“ ახალი ბრენდის ავტომობილები შემდეგ საფასო სეგმენტებს დაიკავებს: პირველის ფასი 7000 ევროს ფარგლებში იქნება. მასში მოექცევა ოთხკარიანი საოჯახო სედანი. მეორეა 7 500 ევრო და მასში ამ სედანზე ბაზირებული უნივერსალი შევა. მესამე კი არის მინივენების სეგმენტი, რომელთა ფასიც 8 000 ევროს ფარგლებში იქნება. გარდა ამისა, კომპანია ასევე გამოუშვებს კიდევ უფრო იაფ სამკარიან ჰეჩბეკს და მასზე ოდნავ ძვირ ხუთკარიან ჰეჩბეკს.
წარმოების ფასების შესამცირებლად, ავტომობილებს „ფოლკსვაგენის“ წინა თაობის მოდელების მაკომპლექტებლებით ააწყობენ. ამასთან, ისინი პლატფორმა PQ-ზე იქნება ბაზირებული, რომელსაც უკვე ანაცვლებს უახლესი მოდულური MQB პლატფორმა. სავარაუდოდ, ამ პლატფორმის ბაზის სიგრძე 2500 მილიმეტრი იქნება. ავტომობილებს „ფოლკსვაგენის“ იმ ქვეყნებში ქარხნებში გამოუშვებენ, სადაც სამუშაო ძალა ყველაზე იაფი ჯდება.
რა თქმა უნდა, საბიუჯეტო ბრენდის ავტომობილებს ბევრი საერთო კომპონენტი ექნება. ასეთებია მაკფერსონის სინა საკიდარი, მარტივი ელექტრონიკა, ბენზინის და დიზელის 1.2 და 1.6-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ძრავები, საწვავის შეფრქვევის სისტემის გარეშე, ოღონდ იმდენად მოდიფიცირებულები, რომ საწვავის ეკონომიურობის და გამონაბოლქვის თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებდეს. მზიდი ელემენტის და ძარის წარმოებისას, ტვიფვრის (ავტომობილების წარმოებისას ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული პროცესია) ხუთი ციკლის ნაცვლად, ორ-სამ ციკლს გამოიყენებენ.
ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, ახალ ბრენდზე ოფიციალურ განცხადებას „ფოლკსვაგენი“ მალე გამოაქვეყნებს.

No comments:

Post a Comment