Monday, January 21, 2013

„ბეემვეს“ და „აუდის“ ძრავები ყველაზე არასაიმედოთა შორის მოხვდა

German cars 'among worst for engine failures'
21 იანვარი

ავტომობილი რთული მანქანაა, რომელიც ათასობით ნაწილისგან შედგება. სულერთია, მისი პატრონი უვლის, თუ არა ავტომობილს, მას ადრე თუ გვიან, რამე აუცილებლად გაუფუჭდება. ეს კი მფლობელისთვის პრობლემის შემქმნელია. და იმისათვის, რომ ავტომფლობელებს პრობლემები შეუმცირონ და თავადაც მოგებით იმუშაონ, არსებობს სადაზღვევო კომპანიები. ისინი ყველაფერს აზღვევენ.

რა თქმა უნდა, დაზღვევის მთავარი კრიტერიუმი მწარმოებლის მიერ გაცემული გარანტიაა, რომელიც მცირე გამონაკლისების გარდა, სამწლიანია ხოლმე. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მისი დასრულების შემდეგ, ყველაფერი გაფუჭდება. ასე რომ იყოს, მანქანებს ბევრი არ იყიდდა და არც მეორადი ავტომობილების ბაზარი იმუშავებდა...
მეორე მხრივ, ავტომობილი მარტივი და რთული ნაწილებისგან შედგება. ნათურა მარტივი და იაფია და მას ალბათ არავინ აზღვევს. სამაგიეროდ, ძრავი „ცალკე სახელმწიფოა“ და თუ გაფუჭდა, მისი რემონტი უზარმაზარ ხარჯებს მოითხოვს. ამიტომ, მის დაზღვევას აზრი აქვს. ამიტომ, ინფორმაციას ამათუიმ ავტომობილის და მწარმოებლის ძრავების გამძლეობის შესახებ, მყიდველი ყურადღებას აქცევს. მყიდველიც და სადაზღვევო კომპანიაც, რომელიც მომხმარებელს ამ დიდი ნაწილის (ძრავის) გაფუჭების დროს წარმოქმნილი პრობლემის აღმოფხვრაში დახმარებას სთავაზობს.
თავის მხრივ, სადაზღვევო კომპანიას სჭირდება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად მომგებიანი შეიძლება იყოს ამათუიმ ავტომობილის დაზღვევა, რა ნიხრები უნდა შესთავაზოს მათზე მომხმარებელს, რათა ისიც კმაყოფილი დარჩეს და დამზღვევის საქმიანობამაც მოგება დაუტოვოს. ეს ინფორმაცია კი სტატისტიკას ეყრდნობა. სტატისტიკა ამბობს, რამდენად ხშირად შეიძლება გაფუჭდეს ის ავტომობილი, ან იმ ავტომობილის ძრავი, რომლის დაზღვევასაც მომხმარებელი აპირებს.
ამის დასადგენად, სადაზღვევო კომპანიები და მათი პარტნიორი ანალიტიკური კომპანიები, სტატისტიკის აღრიცხვას აწარმოებენ და მიღებულ ინფორმაციას დაწვრილებით აანალიზებენ. და ხშირად, მათ მიერ ჩატარებული სამუშაოები, მომხმარებელს გაოცებულს ტოვებს.
მაგალიტად, ყველამ იცის, რომ გერმანული კომპანიების ძრავები საუკეთესოთა შორის საუკეთესოა. „ბეემვე“ და „აუდი“ ყოველწლიურად იგებენ წლის საუკეთესო ძრავის ტიტულს. მაგრამ როგორც ბრიტანულ კომპანია „ვარანტი დაირექტის“ მიერ ბრიტანეთში ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, ასე სულაც არაა. უფრო პირიქით...
„ვარანტი დაირექტმა“ 50 000 ავტომობილის „ავადმყოფობის ანკეტა“ (იგივე სადაზღვევო პოლისის ანკეტა) გამოიკვლია, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ გერმანული პრემიუმ კლასის ავტომობილების მწარმოებელი კომპანიების ძრავები, უარესთა შორისაა...
კერძოდ, „ვარანტი დაირექტის“ მიერ გამოქვეყნებულ ძრავების რეიტინგში, უარესი შედეგების მქონე მწარმოებლებს შორის, მეორე ყველაზე ცუდი მაჩვენებელი „აუდის“ აქვს. ამ კომპანიის ავტომობილების ყოველი 27 მფლობელიდან ერთი, ძრავის პრობლემებს უჩივის. ამაზე უარესი მაჩვენებელი მხოლოდ ერთ კომპანიას - „MG როვერს“ აქვს, რომლის ავტომობილების ყოველ 13 მფლობელიდან ერთი ძრავს უჩივის. მაგრამ ბრიტანული კომპანია, რომელიც ახლა ჩინელების ხელშია, არასდროს გამოირჩეოდა გამძლე და ხარისხიანი პროდუქციით.
უარესებს შორის მესამეა „მინი“, რომელიც „ბეემვეს“ ჯგუფში შედის და ძირითადად, ბავარიული კომპანიის ძრავებით სარგებლობს. მისი ყოველი 40 მფლობელიდან ერთი აღნიშნავს, რომ ძრავი სათანადოდ ვერ მუშაობს. საკუთრივ „ბეემვე“ მეშვიდე ადგილზეა, „ფოლკსვაგენი“ - მეცხრე. გერმანული პრემიუმ ბრენდებიდან, „სამარცხვინო ათეულში“ არ შევიდა „მერსედეს-ბენცი“. პირიქით, სამქიმიანები საუკეთესოებში მესამეზე არიან - მათი ავტომობილების 119 მფლობელიდან მხოლოდ ერთი უჩივის ძრავს. მასზე უკეთესი შედეგი მხოლოდ „ჰონდას“ (344) და „ტოიოტას“ (171) აქვთ.

ათი საუკეთესო მაჩვენებელი
1. ჰონდა                    0.29%                          344
2. ტოიოტა                 0.58%                          171
3. მერსედეს-ბენცი    0.84%                          119
4. ვოლვო                   0.9%                           111
5. იაგუარი                 0.98%                          103

6. ლექსუსი                0.99%                          101

7. ფიატი                    1.17%                          85
8. ფორდი                  1.25%                          80
9. ნისანი                    1.32%                          76
10. ლენდ როვერი     1.38%                          72

ყველაზე ცუდი ათი მაჩვენებელი
1. MG როვერი          7.88%                           13
2. აუდი                     3.71%                          27
3. მინი                       2.51%                          40
4. სააბი                      2.49%                          40
5. ვოქსოლი               2.46%                          41

6. პეჟო                       2.26%                          44
7. ბეემვე                    2.20%                          45
8. რენო                      2.13%                          46
9. ფოლკსვაგენი        1.91%                          52
10. მიცუბიში             1.70%                          59

ცხრილის პირველ სვეტში - კომპანია
მეორე სვეტში - დაზიანების%
მესამე სვეტში - თითო დაზიანებაზე ავტომობილების რიცხვი

No comments:

Post a Comment