Wednesday, January 9, 2013

ბერნიმ ავსტრიას და თურქეთს უარი უთხრა

Ecclestone rules out Austria for 2013
9 იანვარი

ავსტრიასა და თურქეთში ფ1-ის რბოლები წელს არ ჩატარდება. სამაგიეროდ, გერმანულ ეტაპს, როგორც ჩანს, ნურბურგრინგი უმასპინძლებს. ამის შესახებ, ბერნი ეკლსტოუნმა ავსტრიულ გაზეთ „კრონენ ცაიტუნგთან“ ისაუბრა. გერმანული ეტაპის საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არაა. ნურბურგრინგის წარმომადგენლები ბერნის ლონდონში შეხვდებიან და საბოლოო გადაწყვეტილებას სწორედ ამ მოლაპარაკების შემდეგ მიიღებენ.

რაც შეეხება კალენდრის მეოცე რბოლის საკითხს, როგორც ცნობილია, ნიუ იორკში მეორე ამერიკული რბოლის ჩატარება თითქმის გამორიცხულია. ამის გამო, კალენდარში მცირე გადაადგილება მოხდა, რათა ნიუ იორკის ადგილი, რომელიმე ევროპულ ტრასას დაეკავებინა.
ამ ვაკანსიის შევსებაზე პრეტენზიას „რედ ბულის“ კუთვნილებაში არსებული ყოფილი A1 რინგი აცხადებდა. მაგრამ ბერნი ამბობს, რომ შპილბერგის მახლობლად ძალიან ცოტა სასტუმროა, რაც ჩასული ფანებისთვის ბევრ პრობლემას ქმნის. მისთვის ეს ერთადერთი პრობლემაა. არადა, ავტოდრომი, რომელიც ახლა უკვე „რედ ბულ რინგის“ სახელითაა ცნობილი, ბერნის ძალიან მოსწონს.
რაც შეეხება ისტანბულ პარკს, ის ბერნის ფავორიტი იყო და თურქული ეტაპის კალენდარში დაბრუნებას ამ ქვეყნის მთავრობაც ხელს უწყობდა, მაგრამ როგორც ჩანს, თურქებთან მოლაპარაკება მაინც წარუმატებლად დასრულდა. ის ამბობს, რომ როგორც ჩანს, ამ სეზონში კალენდარში მხოლოდ 19 რბოლა იქნება.
და მაინც, კომპანია „რედ ბულის“ ავტო სპორტის საქმეების მრჩეველი ჰელმუტ მარკო იმედს არ კარგავს, რომ ავსტრიულ ეტაპს მაინც ჩასვამენ კალენდარში - ახალი კალენდრის საბოლოო ვარიანტი ჯერ არ გამოუქვეყნებიათ და სანამ მას ვნახავთ, მანამ იმედი გვექნებაო.

No comments:

Post a Comment