Saturday, January 26, 2013

„პეჟო სიტროენი“ აიროვან ჰიბრიდულ ტექნოლოგიაზე მუშაობს (ვიდეო)

Peugeot Citroen to introduce compressed air hybrid by 2016
26 იანვარი
როდესაც ავტომობილის მამოძრავებლად, ენერგიის ალტერნატიული წყაროს გამოყენებაზეა ლაპარაკი, პირველ რიგში, „ტოიოტა“ და მისი ჰიბრიდული „პრიუსი“ და მის ბაზაზე წარმოებული ვარიაციები გაგვახსენდება. ამ მიმართულებით, „PSA პეჟო სიტროენი“ ნაკლებად აქტიურობს და მეტწილად სხვისი ტექნოლოგიების გამოყენებით გადის ფონს. მაგალითად, „მიცუბიში“ მისთვის ელექტრომობილ i-MiEV-ს აწარმოებს, რომელსაც ფრანგულ ჯგუფში შემავალი ორივე კომპანია თავისი ბრენდით ჰყიდის.
მაგრამ როგორც ირკვევა, „PSA პეჟო სიტროენს“ სხვა მიმართულებით განვითარება გადაუწყვეტია - ფრანგებმა ელექტროენერგიის ნაცვლად, არჩევანი შეკუმშული აირის გამოყენებაზე გააკეთეს. და ეს ტექნოლოგია იმდენად დახვეწეს, რომ მალე მის დანერგვასაც აპირებენ.
ავტომობილის მამოძრავებელ ძალად შეკუმშული აირის გამოყენება ახალი იდეა არაა. მაგრამ ისევე როგორც ელექტრომობილებში ელექტრო ენერგია, ასევე აიროვან ავტომობილებში შეკუმშული აირი საკმარისი არაა იმისათვის, რომ ავტომობილს სოლიდური სვლის სიშორე ჰქონდეს. ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ფრანგულმა კომპანიამ ჰიბრიდული დანადგარის გამოყენება გადაწყვიტა. და ისევე როგორც ელექტრულ პლაგ-ინ ჰიბრიდებში, დამატებითი ენერგიის გამოსამუშავებლად, შიდაწვის ძრავი გამოიყენა.
სისტემა, რომელსაც „ჰაიბრიდ ეარ“ ეწოდა, უკვე არსებობს პროტოტიპის სახით, წარმოებაში მისი დანერგვა კი 2016 წელს უნდა დაიწყოს. მასში ავტომობილს მამოძრავებელ ძალას შეკუმშული აირი ქმნის, მაგრამ როგორც კი ბალონებში აირის მარაგი ილევა, მოქმედებას იწყებს შიდაწვის ძრავისა და ტუმბოს ტანდემი, რომელიც ბალონს შეკუმშული (ატმოსფეროდან აღებული) აირით ავსებს.
ისევე როგორც ელექტრული ჰიბრიდები, შეკუმშულ აირზე მომუშავე ჰიბრიდულ დანადგარშიც, მართვისთვის ელექტრული მოწყობილობა გამოიყენება, რომელიც მრავალი სენსორისგან მიღებულ არაერთ პარამეტრს ითვალისწინებს, მიღებულ ინფორმაციას გადაამუშავებს და სისტემის გარკვეულ ფუნქციებსაც ავტომატურ რეჟიმში ასრულებს. მაგალითად, მაგისტრალზე მოძრაობისას, ავტომობილი შიდაწვის ძრავის მეშვეობით გადაადგილდება, როდესაც სიჩქარე 70 კმ/სთ-ზე დაბალია, მაშინ მხოლოდ შეკუმშული აირის ძალაც საკმარისია. მაგრამ თუ მისი წნევა ეცემა, ამ შემთხვევაში ჰიბრიდული სისტემა ორივე აგრეგატს იყენებს. ოღონდ, ამ შემთხვევაში, შიდაწვის ძრავი მხოლოდ ტუმბოს დანიშნულებას ასრულებს.

„PSA პეჟო სიტროენის“ ინფორმაციით, ქალაქში მოძრაობისას, „ჰაიბრიდ ეარ“ სისტემა საწვავის ხარჯს 45 პროცენტით ამცირებს. ისეთ ავტომობილებზე გამოყენებისას, როგორებიცაა „სიტროენ C3“ და „პეჟო 208“, ასეთი ჰიბრიდული დანადგარი, 100 კილომეტრის გასავლელად, 2.9 ლიტრ საწვავს მოიხმარს, ატმოსფეროს კი ყოველ კილომეტრზე მხოლოდ 69 გრამი ნახშირორჟანგით აბინძურებს. ქალაქში მოძრაობისას, ავტომობილი მანძილის თითქმის 80 პროცენტს მხოლოდ შეკუმშული აირით გაივლის, რაც საწვავის ხარჯსაც კიდევ უფრო შეამცირებს და გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობასაც.
ფრანგული ჯგუფი არაფერს ამბობს იმაზე, თუ რამდენი შეიძლება ღირდს აირ-ჰიბრიდული სისტემით აღჭურვილი ავტომობილი. რამდენადაც ძვირადღირებული ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკის ნაცვლად, აიროვან სისტემაში ენერგია ჩვეულებრივ ბალონებში ინახება, ასეთი ავტომობილი, ელექტრულ ჰიბრიდებზე გაცილებით იაფი უნდა ღირდეს.
„PSA პეჟო სიტროენი“ ვარაუდობს, რომ აირ-ჰიბრიდულ სისტემას თავის B და C სეგმენტის, ასევე მსუბუქ კომერციულ ავტომობილებზე გამოიყენებს. პირველად ეს ტექნოლოგია B სეგმენტის ავტომობილებზე დაინერგება, რომელთა გაყიდვებიც 2016 წელს უნდა დაიწყოს.


ვიდეო

No comments:

Post a Comment