Sunday, January 13, 2013

„აუდი“ ინტელექტუალურ ჰიბრიდებს ქმნის

Audi developing intelligent hybrids
13 იანვარი
„აუდი“ ახალი ტიპის, ეგრეთ წოდებულ „მცურავ ჰიბრიდულ“ დანადგარზე მუშაობს, რომელიც მძლავრი სტარტერის დახმარებით, ავტომობილის გადაადგილებისას, ძრავის ხშირ ჩართვა-გამორთვას შეძლებს. როგორც გერმანული კომპანია ირწმუნება, ასეთი სისტემა, საწვავის ეკონომიურობას კიდევ უფრო გააუმჯობესებს.

სისტემა სტოპ-სტარტი ფართოდ დამკვიდრდა თანამედროვე ავტომრეწველობაში და ის საწვავის ეკონომიურად მოხმარებას უწყობს ხელს. მაგრამ როგორც ინგოლშტადტელები გვპირდებიან, მათი ახალი სისტემა ამაზე გაცილებით ეფექტური იქნება, რადგან მოძრაობის დროს, როდესაც ზედმეტი სიმძლავრე საჭირო არაა (ამას კომპიუტერი განსაზღვრავს), ძრავს გათიშავს და საჭიროების შემთხვევაში ჩართავს.
ახალი ტიპის სისტემის (iHEV - ინტელექტუალური ჰიბრიდული ავტომობილი) საცდლი ვერსია „აუდი A7-ზეა“ დაყენებული. სისტემაში შედის ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი, რომლის ტევადობაც საკმარისია იმისათვის, რომ სტარტერის ამუშავება ხშირად და ეფექტურად შეძლოს.
სისტემა iHEV ტანდემში მუშაობს „აუდის“ ეფექტურობის დამხმარე ინტელექტუალურ სისტემასთან (PEA), რომელიც თავის მხრივ, სანავიგაციო სისტემისგან მიღებულ ინფორმაციას (მათ შორის, გზის დახრის მაჩვენებელსა და სიჩქარის შეზღუდვის საგზაო ნიშნებს) იყენებს. ამ ინფორმაციის გადამუშავების შემდეგ, სისტემა დაადგენს, გზის შემდგომ მონაკვეთზე, ძრავისგან სიმძლავრის რა პორცია დასჭირდება. ჩვეულებრივ, ეს ინფორმაცია მრავალფუნქციურ მონიტორზე გამოდის.
როდესაც გზაზე სიჩქარის შეზღუდვის ნიშანი გამოჩნდება, PEA-ს შეუძლია, მანქანის სიჩქარის, გზის დახრის და საბურავების გორვის წინააღმდეგობის მონაცემების შესაბამისად, გამოითვალოს, თუ როდის შეიძლება, რომ მძღოლმა აქსელერატორის პედლიდან ფეხი აიღოს. ამ მომენტის განსაზღვრის შემდეგ, iHEV ძრავს გათიშავს. მანქანა გორვით გააგრძელებს მოძრაობას და მისი სიჩქარე დასაშვებ ზღვარში „ჩაეტევა“. ამის შემდეგ, როგორც კი მძღოლი აქსელერატორს დააწვება და ძრავი ავტომატურად ჩაირთვება.
სხვათა შორის, ინფორმაცია ავტომობილის აეროდინამიკური და გორვისადმი (იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მანქანას თავზე გარე საბარგული ადგას, ან ის მისაბმელს ატარებს) წინააღმდეგობის კოეფიციენტების შესახებ, აეროდინამიკურ მილში გამოითვლება და მიღებული ინფორმაცია ავტომობილის ელექტრონულ სისტემაში იტვირთება.
PEA ასევე აქტიურ კრუიზ-კონტროლთან ერთადაც მუშაობს. კერძოდ, მაგისტრალზე მოძრაობისას, iHEV დამოუკიდებლად თიშავს და რთავს ძრავს, იყენებს მუხრუჭებს, რათა საწვავის ეკონომიური ხარიც და რა თქმა უნდა, უსაფრთხო გადაადგილება უზრუნველყოს. ჟურნალ „ავტოქართან“ საუბრისას, „აუდის“ სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ მაგისტრალზე მოძრაობისას, საცდელ ავტომობილს გათიშული ძრავით თითქმის კილომეტრის გავლაც კი შეუძლია.
ერთ-ერთი ტესტის დროს, „აუდი A7-მა“ საცდელი სისტემით 50 კილომეტრი გაიარა და გზის თითქმის 28 პროცენტის განმავლობაში, მისი ძრავი გათიშული იყო. ამ დროს, მოგზაურობის ხანგრძლივობა მხოლოდ ორი წუთით გაიზარდა, საწვავის ხარჯი კი 10 პროცენტით შემცირდა.
ჯერჯერობით დადგენილი არაა, რამდენად გააძვირებს ასეთი სისტემებით აღჭურვა ავტომობილს და რა ეკონომიკური ეფექტის მიღება შეიძლება მისი დანერგვით. რა თქმა უნდა, ჯერ ლაპარაკიც კი ნაადრევია იმაზე, თუ როდის შეიძლება მსგავსი სისტემებით აღჭურვილი ავტომობილები, გერმანული კომპანიის სადილერო შოურუმებში გამოჩნდეს.

No comments:

Post a Comment