Tuesday, January 15, 2013

კონცეპტუალური „ატლასი“ – „ფორდის“ პიკაპების მომავალი სახე

Ford's New Atlas Concept Envisions the Next Generation of the F-150
15 იანვარი
ამერიკის ბაზარზე, „ფორდის“ გამაში ყველაზე მეტი პოპულარობით, F-150 სერიის პიკაპები სარგებლობს. ამ ავტომობილების პოპულარობას ვერც საწვავის გაძვირებამ დააკლო რამე. მაგრამ გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობაზე სტანდარტების გამკაცრება, პიკაპებისადმი მოთხოვნებსაც ცვლის და „ფორდც“ შესაბამის თადარიგს აქედანვე იჭერს. ამის ნიმუშია კონცეპტუალური პიკაპი „ატლასი“, რომელიც ამერიკულმა კომპანიამ დეტროიტის მოტორ შოუზე წარადგინა.
ეს ავტომობილი ორი კუთხითაა საინტერესო. ერთია მისი დიზაინი, რომელიც მალე სერიულ პიკაპებზეც დამკვიდრდება. მეორე კი ტექნოლოგიები, რომელთა წყალობითაც, ამ გიგანტური ავტომობილების აპეტიტი მნიშვნელოვნად მოიკლებს და მათ გამონაბოლქვიც გაუსუფთავდებათ. ცისფერ ოვალს ჯერ არ დაუზუსტებია, სერია „ეკობუსტის“ აგრეგატით აღჭურვილი ეს ავტომობილი, F-150 სერიის წინამორბედია, თუ - არა. მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ სწორედ ასე იქნება.
„კონცეპტუალური „ატლასით“ იმ სიახლეებს წარმოგიდგენთ, რომელბსაც მომხმარებლებს მალე შევთავაზებთ. 36 წელია, ამერიკის საუკეთესო პიკაპის მწარმოებლის სტატუსი გვეკუთვნის და მის დათმობას არ ვაპირებთ, რაშიც „ატლასზე“ წარმოდგენილი ინოვაციები დაგვეხმარება“, - ამბობს „ფორდის“ ჯგუფის ვიცე პრეზიდენტი და გლობალური წარმოების განვითარების კოორდინატორი რაჯ ნაირი.
გარეგნულად, „ატლასი“ „ფორდის“ სტილშია შესრულებული, თუმცა გარკვეული ახალი ელემენტებიც შეინიშნება, რაც საერთო სურათს არ ცვლის. სამაგიეროდ, ზოგიერთ მათგანს, განსაკუთრებული ფუნქცია აქვს მინიჭებული. კერძოდ, აეროდინამიკური დანიშნულება აქვს. უფრო ზუსტად კი, მათი მოვალეობაა, ჰაერის შემხვედრი წინააღმდეგობის შემცირება.
ასეთი ელემენტებია რადიატორის და ბორბლების ერთგვარი ჩამკეტი ჟალუზები. ისინი დაბალ სიჩქარეზე ღიაა. მაღალ სიჩქარეზე კი, როდესაც მუხრუჭებიდან და რადიატორიდან სითბოს ინტენსიური ართმევა საჭირო არაა, იხურება და ჰაერს მათში გავლის საშუალებას უზღუდავს. მსგავსი დანიშნულება აქვს წინა ნაწილის ძირში განლაგებულ სპოილერს, რომელიც დაბალ სიჩქარეზე იმალება და ამგვარად, მანქანის ამ ნაწილის კლირენსი იზრდება. მაღალ სიჩქარეზე კი თავის ადგილს იკავებს და ასე, ძირისკენ მოძრავ ჰაერის ნაკადს სასურველ მიმართულებას აძლევს.


საწვავის დაზოგვას ემსახურება თვითდამუხტვადი ელემენტების ბლოკი, რომელიც ბორბლის ტრიალისას გამოყოფილ ენერგიას აგროვებს. გარდა ამისა, ავტომობილი აღჭურვილია სისტემა სტოპ-სტარტით. „ფორდის“ განცხადებით, მაგისტრალზე მოძრაობისას, ჩამოთვლილი ელემენტების და სისტემების წყალობით, საერთო ჯამში, საწვავის ხარჯი თითქმის 8 პროცენტით მცირდება.
რაც შეეხება ძრავს, ავტომობილი შემდეგი თაობის „ეკობუსტ“ აგრეგატითაა აღჭურვილი, რომლის შესახებაც „ფორდს“ ჯერ კონკრეტული მონაცემები არ გამოუქვეყნებია.



ცისფერ ოვალს უყურადღებოდ არც საბარგულის სეგმენტი დაუტოვებია. ის არაერთი სამაგრით აღიჭურვა, რომლებიც კედლების გასწვრივ დამაგრდა. გარდა ამისა, საბარგულს შუქდიოდური განათებაც აქვს. სალონში იგრძნობა, რომ მართალია, მანქანა კომფორტზე არაა ორიენტირებული, მაგრამ მისით მოგზაურობა სასიამოვნო იქნება. საერთო ჯამში, ინტერიერი კონცეპტუალური ავტომობილისთვის დამახასიათებელი ელემენტებითაა გაჯერებული, რომლებიც სერიულ მოდელზე ამ სახით არ გადავა.

No comments:

Post a Comment