Saturday, December 1, 2012

კონცეპტუალური „ბეემვე i3 კუპე“ ლოს ანჯელესში

BMW Creates New i3 Concept Coupe EV with 168hp for the LA Auto Show
1 დეკემბერი
„ბეემვე“ წარმოებისთვის პლაგ-ინ ჰიბრიდულ ხუთკარიან ელექტრულ ჰეჩბეკ i3-ს ამზადებს, რომელიც ბაზარზე მერმისს უნდა გამოვიდეს. ლოს ანჯელესის ავტო შოუზე კი ბავარიელებმა i3-ის სსამკარიანი კონცეპტუალური ვერსია წარადგინეს, რომელიც სუფთა ელექტრომობილია. ანუ, მის გადაადგილებას მხოლოდ ელექტროძრავი უზრუნველყოფს.

გერმანული კომპანიის განცხადებით, ამ კონცეპტუალური ავტომობილით, ისინი გვაჩვენებენ, რომ სამოდელო გამის გაფართოების სოლიდური პოტენციალი არსებობს. და როგორც ჩანს, ეს ელექტრომობილი არ დარჩება მხოლოდ კონცეპტუალურად და ხუთკარიანი ჰეჩბეკის სადილერო ქსელში გამოჩენიდან მოკლე ხანში, გაყიდვაში ისიც გამოვა.


რა თქმა უნდა, სამკარიანი კუპე იმავე სტრუქტურას ეყრდნობა, რასაც ხუთკარიანი ჰეჩბეკი. ესაა კარბონის ბოჭკოს კომპოზიტისგან შექმნილი მონოკოკი, რომელიც სიმსუბუქით, სიხისტითა და სიმტკიცით გამოირჩევა. დიზაინერებმა უარი თქვეს ხუთკარიანი კონცეპტუალური ჰეჩბეკის კარების გამჭვირვალე პანელებზე. ამასთან, კუპე უფრო დაბალია. სხვა მხრივ, გარეგნული განსხვავებები მინიმალურია.


„ბეემვე i3 კუპეს“ გაბარიტებია: 3 964 მილიმეტრი, სიგანე 1 768 მილიმეტრი, სიმაღლე 1 555 მილიმეტრი და ბორბლებს შორის ბაზა 2 570 მილიმეტრი. ამგვარად, ზომებით ის თითქმის ჰეჩბეკ „ფორდ ფიესტას“ ტოლია.


ერთი შეხედვით, „i3 კუპეს“ ინტერიერის დიზაინი, კონცეპტუალური ხუთკარიანის მსგავსია, თუმცა მასში წარმოებისთვის გამზადებულ უფრო მეტ დეტალს აღმოაჩენთ. პრინციპში, ეს არცაა გასაკვირი, რადგან მათ ხუთკარიანის სერიულ ვერსიაზეც ვიხილავთ. ეს დეტალებია მულტიმედიური სისტემა და iდრაივი ცენტრალურ კონსოლზე და ფანჯრების მართვის სისტემა.


ავტომობილი მამოძრავებელ ძალას ერთი ელექტროძრავისგან ღებულობს, რომელიც 168 ცხენის ძალას და 250 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. მასთან ერთსაფეხურიანი ტრანსმისიაა დაკავშირებული, რომელიც ამძრავ ძალას უკანა წამყვან ბორბლებს აწვდის. ძრავს ენერგიით ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი ამარაგებს, რომელიც ავტომობილის ძირშია განლაგებული.


ცნობისათვის, ხუთკარიან ჰეჩბეკს მყიდველს შესთავაზებენ როგორც სუფთა ელექტრომობილს, ასევე პლაგ-ინ ჰიბრიდსაც. მეორე შემთხვევაში, მისი სვლის სიშორის გასაზრდელად, ავტომობილი ასევე ბენზინის 1.5-ლიტრიანი სამცილინდრიანი ძრავითაც აღიჭურვება, რომელიც გენერატოთან ტანდემში მუშაობს. მათ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ელემენტების ბლოკში ინახება.

No comments:

Post a Comment