Sunday, December 9, 2012

„პორშემ“ ახალი GT3 გაგვაცნო (ვიდეო)

Porsche Unveils 991-Based GT3 Cup Racer
9 დეკემბერი
„პორშე“ ხშირად იმეორებს ხოლმე, რომ მის ლეგენდარულ მოდელ 911-ის სარბოლი ვერსია, სახელად GT3, რომელიც „პორშეს“ თასის „სადოღე ცხენია“, ყველა დროის ყველაზე პოპულარული სარბოლი ავტომობილია. 1998 წლის შემდეგ, რაც ამ ავტომობილის წარმოება დაიწყო სულ 2385 ცალი GT3 გაყიდა... და ახლა, როდესაც მეექვსე თაობის 911 ერთი წლის გამოსულია, „პორშემ“ მის ბაზაზე ახალი GT3 შეიმუშავა და მისი პირველი ჩვენება ვაიზენახში, კომპანიის კვლევისა და განვითარების ცენტრში, „ჩემპიონთა საღამოს“ წვეულებაზე მოაწყო.

სრულიად ახალი „911 GT3 კაპ“ აღჭურვილია ჰორიზონტალურად ოპოზიტური ექვსცილინდრიანი 3.8-ლიტრიანი ძრავით, რომელიც 453 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ეს 10 ცხენის ძალით ნაკლებია მისი წინამორბედის სიმძლავრეზე. ძრავთან დაკავშირებულია 6-საფეხურიანი სეკვენტალური გადაცემათა კოლოფი, რომლიდანაც მამოძრავებელი ძალა უკანა წამყვან ბორბლებს მიეწოდება. აღსანიშნავია, რომ გადაცემების საფეხურები საჭის რგოლის უკან მოთავსებული ბერკეტებით იცვლება, რაც „პორშე კაპ-ის“ რბოლებისთვის განკუთვნილი ავტომობილებისთვის სიახლეა.
ბორბლები ერთსამაგრიანია. „პორშეს“ მათი დისკოების ზომა არ გამოუქვეყნებია. სამაგიეროდ ცნობილია, რომ ისინი „მიშლენის“ სლიკებითაა შემოსილი. წინა საბურავების სიგანე 270 მილიმეტრია, უკანებისა კი - 310 მილიმეტრი. ანუ, წინამორბედის შესაბამის საბურავებზე 20 და 10 მილიმეტრით განიერი. ოთხივე ბორბლის მუხრუჭები 380-მილიმეტრიანი დისკოებისგან შედგება, რომლებსაც წინ ექვსიანი, უკან კი ოთხცილინდრიანი დამჭერები ემსახურება.
ახალი „911 GT3 კაპი“ ზღვარზეც კი შეუდარებლად ადვილი სამართავია. ის საუკეთესოდაა დაბალანსებული. წონა ღერძებს შორის ისეა განაწილებული, რომ მართვას წარმოუდგენლად აადვილებს. გარდა ამისა, ახალი სარბოლი 911 სასიამოვნო სამართავიცაა“, - ამბობს კომპანიის საქარხნო გუნდის პილოტი ტიმო ბერნჰარდი.
სარბოლ ავტომობილებში განსაკუთრებული ყურადღება უსაფრთხოებას ექცევა და ამ მხრივ, გამონაკლისი არც „პორშეს“ ახალი მრბოლია. მისი სალონი გაძლიერებულია უსაფრთხოების ბუდით, რომელიც პილოტს არამხოლოდ შეჯახებისას, არამედ ამოყირავების შემთხვევაშიც უკეთ იცავს. სარბოლი სავარძელიც შეცვლილია. ის პილოტის თავს და მხრებს სამი მხრიდან იცავს და რაც მთავარია, სპეციალური ბერკეტებით, მისი სხვადასხვა სიმაღლის პილოტებისთვის მისადაგება შეიძლება. ამასთან, სახურავს აქვს მცირე ზომის დახურული ლუქი, საიდანაც პილოტის ევაკუირებაა შესაძლებელი.
ისევე როგორც მის წინამორბედს, ახალ „911 GT3 კაპსაც“ ცუფენჰაუზენის (შტუტგარტის გარეუბანია) ქარხანაში გამოუშვებენ, სადაც ასევე საგზაო ავტომობილებსაც უშვებენ. აწყობის შემდეგ, ყოველი სარბოლი ტესტირებას სპეციალურ პოლიგონზე (რომელიც ვაიზენახის მოტორსპორტის ცენტრის კომპლექსში მდებარეობს) გაივლის, სადაც მას სათანადო მომართვის პროცედურაც ჩაუტარდება.

„911 GT3 კაპი“ 181 200 ევრო ღირს და ამ ფასში, მყიდველის ქვეყნის საგადასახადო ტარიფები გათვალისწინებული არაა. საბაზო ფერი თეთრია, თუმცა მყიდველი ფერს მისი სურვილისამებრ შეარჩევს და ამ მხრივ შეზღუდვა არ არსებობს.

ვიდეო

No comments:

Post a Comment