Saturday, December 8, 2012

„მაზერატიმ“ ახალი „კვატროპორტე“ უფრო ახლოს გაგვაცნო


New Maserati Quattroporte Specs Revealed
8 დეკემბერი
ამასწინათ, „მაზერატიმ“ თავის ფლაგმან „კვატროპორტეს“ ფოტოები გაავრცელა, თუმცა მის შესახებ ინფორმაცია საიდუმლოდ შეინახა და მის გამხელას ავტომობილის პრემიერაზე შეგვპირდა, რომელიც დეტროიტის მოტორ შოუზეა დაგეგმილი. და მაინც, იტალიური კომპანიის ხელშეწყობით, ზოგიერთი ინფორმაცია ჟურნალ „მოტორ ტრენდის“ და კიდევ რამდენიმე საავტომობილო გამოცემისთვის ხელმისაწვდომი ვადაზე ადრე გახდა.

ყველაზე საინტერესო ინფორმაცია ძრავებს ეხება. საბაზო ვერსია აღჭურვილია 3.0-ლიტრიანი წყვილ ტურბოიანი V6-ით, რომელსაც საწვავის უშუალოდ წვის კამერაში მიწოდების სისტემა ემსახურება. ეს ძრავი, „კრაისლერის“ სერია „პენტასტარის“ V6 ძრავის ბლოკზეა ბაზირებული. ის 404 ცხენის ძალას (5500 ბრ/წთ-ზე) და 550 ნიუტონმეტრს (1750 ბრ/წთ-ზე) გამოიმუშავებს. ამ აგრეგატით, „კვატროპორტე“ ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფას 5.1 წამში მოასწრებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 285 კმ/სთ იქნება. სავარაუდოდ, ამავე ძრავს მალე „მაზერატის“ კიდევ ერთი ახალი ავტომობილი - მომცრო სედანი „გიბლი“ მიიღებს.
ძრავების გამაში ყველაზე მძლავრი იქნება 3.8-ლიტრიანი წყვილ ტურბოიანი V8, რომელიც ასევე საწვავის უშუალოდ წვის კამერაში მიწოდების სისტემითაა აღჭურვილი. მისი სიმძლავრე 523 ცხენის ძალა (6500 ბრ/წთ-ზე), მაბრუნი მომენტი 649 ნიუტონმეტრია (2000 ბრ/წთ-ზე). ამ აგრეგატით, „კვატროპორტე“ ასის აკრეფას 4.7 წამში მოასწრებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 307 კმ/სთ იქნება.
„მოტორ ტრენდის“ ინფორმაციით, ორივე ძრავს მარანელოში, „ფერარის“ ფაბრიკაში გამოუშვებენ. ორივეს მხოლოდ 8-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი შეუწყვილდება. აღსანიშნავია, რომ წინა თაობის „კვატროპორტეზე“ 6-საფეხურიან კოლოფს იყენებენ. V8 ძრავის შემთხვევაში, ტრანსმისია მხოლოდ უკანა ამძრავიანი იქნება, V6-ის მიერ გამომუშავებულ მამოძრავებელ ძალას კი ოთხივე წამყვანი ბორბალი აითვისებს. ოღონდ, ეს ტრანსმისია უნივერსალური იქნება - ნაკლებად დატვირთულ რეჟიმში მუშაობისას, მაბრუნ მომენტს მთლიანად უკანა ბორბლებს მიაწვდის, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, ამ მომენტის ნახევარს წინა ბორბლებსაც გადაუნაწილებს.
ახალი „კვატროპორტეს“ გაბარიტებია: სიგრძე 5.263 მეტრი, სიგანე 1.948 მეტრი, ბორბლებს შორის ბაზა 3.170 მეტრი. ამგვარად, ის წინამორბედზე 163 მილიმეტრით გრძელი და 64 მილიმეტრით განიერია. ბაზის სიგრძე 106.7 მილიმეტრითაა გაზრდილი. ავტომობილის კონსტრუქციაში უხვადაა გამოყენებული ალუმინი, რისი წყალობითაც, „კვატროპორტემ“ წონაში დაახლოებით 100 კილოგრამით დაიკლო. შედგად, V6-ით აღჭურვილი ვერსიის წონა 1860 კილოგრამი იქნება, V8 ძრავიანსია კი - 1900 კილოგრამი.
სხვა სიახლეებიდან, აღნიშვნას იმსახურებს დაკიდების ახალი სისტემა „სკაიჰუკით“, რომელსაც ადაპტირებადი ამორტიზატორები აქვს. საჭის მექანიზმის გამაძლიერებელი ჰიდრავლიკურია და მისი ეფექტურობა სიჩქარის შესაბამისად, ავტომატურად იცვლება.

No comments:

Post a Comment