Sunday, December 30, 2012

„ტოიოტა“ მერმისს რეკორდულ გაყიდვებს გეგმავს

Toyota forecasts record 2013 sales on overseas auto demand
30 დეკემბერი
„ტოიოტა“ წელს გაყიდვებში მსოფლიო ლიდერობას დაიბრუნებს. თუმცა, ამას არ დასჯერდება და მომავალ წელს რეკორდულ გაყიდვებს გეგმავს. კერძოდ, გაყიდვების მოცულობა 2 პროცენტამდე უნდა გაიზარდოს, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 9.91 მილიონ ავტომობილს გაჰყიდის. ამ რიცხვში შევა „ტოიოტას“ ჯგუფში შემავალი იაპონური კომპანიების - სატვირთო ავტომობილების მწარმოებელ „ჰინო მოტორსის“ და პატარა ავტომობილების წარმოებაზე სპეციალიზებული „დაიჰაცუ მოტორსის“ მონაცემები.

„ტოიოტა“ მომავალ წელს გაყიდვების გაზრდას ამერიკის ბაზრის ხარჯზე გეგმავს. ამერიკამ იაპონიის ბაზარზე გაყიდვების 15-პროცენტიანი კლება უნდა დააბალანსოს. ამ კლებას გამოიწვევს ის ფაქტი, რომ იაპონიის მთავრობა აღარ გააგრძელებს ეკონომიური ავტომობილების სუბსიდირებას.
„სუბსიდიები სექტემბერში დასრულდა, მაგრამ ამას გაყიდვების მკვეთრი დაცემა არ მოჰყოლია. ამის გათვალისწინებით, „ტოიოტას“ პროგნოზი, რომელიც იაპონიაში მისი გაყიდვების 15 პროცენტით კლებას ითვალისწინებს, ოდნავ გაზრდილია. ამერიკაში კი გაყიდვები ისევ გაიზრდება და იმაზე მეტად, ვიდრე სხვა ქვეყნებში“, - ამბობს ტოკიოში ბაზირებული ანალიტიკური კომპანია „IHS ავტომოტივის“ ექსპერტი იოშიაკი კავანო.
წელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 80 მილიონი ახალი ავტომობილი გაიყიდება. მსოფლიო ბაზარი ამ ზღვარს პირველად გადალახავს. ევროპული კრიზისის მიუხედავად, გლობალურ ბაზარზე გაყიდვების ზრდას, ამერიკისა და იაპონიის ბაზრების ზრდა განაპირობებს. „ტოიოტა“ მერმისს უცხოურ ბაზრებზე 7.87 მილიონ ავტომობილს გაჰყიდის, რაც წლევანდელზე 8 პროცენტით მეტია. იაპონიაში გაყიდვები კი 2.04 მილიონს მიაღწევს.
იმავდროულად, „ტოიოტას“ ჯერ არ განუსაზღვრავს ჩინეთის ბაზრის პროგნოზი. ეს მაჩვენებელი მეტწილად, იაპონიასა და ჩინეთს შორის ურთიერთობაზე იქნება დამოკიდებული. საქმე ისაა, რომ ჩინეთისადმი იაპონიის ტერიტორიული პრეტენზიების გამო, ამომავალი მზის ქვეყნის კომპანიებს ცისქვეშეთში გაყიდვები მნიშვნელოვნად შეუმცირდათ. სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ 11 თვეში „ტოიოტას“ გაყიდვები 3.3 პროცენტით არის შემცირებული.

No comments:

Post a Comment