24 დეკემბერი
„ფორდ ფოკუსი“ თავის სამშობლოში, ამერიკაში საუკეთესო
გაყიდვებით ვერ გამოირჩევა, ბესტსელერების ათეულშიც კი ვერ შედის, მაგრამ მთელი
მსოფლიოს მასშტაბით, ამ ავტომობილს, უფრო სწორედ, „ფოკუსის“ ოჯახს, ბადალი არ
მოეპოვება. განსაკუთრებული პოპულარობით, ეს სპორტული ყაიდის ჰეჩბეკი აზიის (მეტადრე
ჩინურ) მზარდ ბაზრებზე სარგებლობს. და ყველა ნიშანია იმისა, რომ მილიონიან ზღვარს
გადალახავს. რაც მთავარია, მსოფლიო ლიდერობას „ტოიოტა კოროლას“ ჩამოართმევს.
მესამე თაობის „ფოკუსი“ ბაზარზე 2010 წელს გამოვიდა.
ის ამერიკული კომპანიის ევროპული შტოს მიერაა შემუშავებული და ამერიკის და გერმანიის
გარდა, ჩინეთში, ტაილანდში და რუსეთშიც აწარმოებენ. „ფოკუსი“ ამჟამად მსოფლიოს 12
ქვეყანაში იყიდება. ბაზრის კვლევაზე ორიენტირებულ კომპანია „LMC
ავტომოტივის“ გათვლებით, „ფოკუსის“ გაყიდვები წელს მილიონს მიაღწევს.
„ფოკუსს“ ბევრით არც „კოროლა“ ჩამორჩება, რომლის
გაყიდვების სავარაუდო მოცულობაც 966 ათასს მიაღწევს. სწორედ ამ ავტომობილის დიდი
დამსახურებაა ის, რომ მალე „ტოიოტა“ მსოფლიო ლიდერის საპატიო წოდებას დაიბრუნებს,
რომელიც შარშან „ჯენერალ მოტორსს“ დაუთმო. ამ უკანასკნელს ამჯერად მეორე ადგილს „ფოლკსვაგენი“
ეცილება.
წელს მთელს მსოფლიოში 80 მილიონი ავტომობილის
გაყიდვაა ნავარაუდები. ყველაზე დიდი ბაზარი კი ისევ ჩინეთია, რომელიც პირველობას
ალბათ აღარავის დაუთმობს. სწორედ ჩინურ ბაზარზე გაყიდვების მოცულობა მოქმედებს
ამათუიმ მოდელის წარმატებულობაზე. „ფოკუსი“ ჩინეთში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი
ავტომობილია. სამაგიეროდ, რამდენიმე თვეა, ჩინელები იაპონურ ავტომობილებს არ
სწყალობენ, რისი მიზეზიც, ამ ორ ქვეყანას წარმოქმნილი ტერიტორიული უთანხმოებაა.
ამიტომ, იქ „კოროლას“ გაყიდვები მოსალოდნელზე 25 პროცენტით ნაკლები იქნება.
მსოფლიოს ბესტსელერთა მოწინავე ათეულში 9
კომპაქტური და სუბკომპაქტური ავტომობილია. ამ მხრივ ათეულში ერთადერთი საშუალო ზომის
ავტომობილია სედანი „ქემრი“, რომელიც უკვე წლების განმავლობაში, არავის უთმობს
ამერიკის ყველაზე პოპულარული სედანის წოდებას.
აღსანიშნავია, რომ ათეულში „ფორდს“ ორი ავტომობილი
ჰყავს (მეორე ფიესტაა), „ტოიოტასაც“ ორი. სამი ავტომობილით კი „ფოლკსვაგენია“ (ჯეტა,
გოლფი და პოლო) წარმოდგენილი.
2012 წლის 10 ყველაზე პოპულარული ავტომობილი
ფორდ ფოკუსი 1 000 000
ტოიოტა კოროლა 966 000
ფოლკსვაგენ ჯეტა 822 000
ჰიუნდაი ელანტრა 777 000
ფორდ ფიესტა 728 000
ფოლკსვაგენ გოლფი 726
000
ტოიოტა ქემრი 705 000
ფოლკსვაგენ პოლო 704
000
შევროლე კრუზი 694
000
ჰონდა
სივიკი 638 000
No comments:
Post a Comment