Sunday, December 2, 2012

რაიკონენმა იცოდა, სადაც მიდიოდა (ვიდეო)


Kimi Raikkonen 'knew where he was going' in excursion
2 დეკემბერი
გასული სეზონი კურიოზით დაასრულა კიმი რაიკონენმა, რომელსაც ბრაზილიის დიდი პრიზის დროს, უცნაური რაც შეემთხვა: 52-ე წრეზე ის ბოლო მოსახვევში ვერ ჩაეტია და ბალახებზე გადავიდა. თუმცა, იმის ნაცვლად, რომ ტრასაზე დაბრუნება ეცადა, რატომღაც დამხმარე გზას გაუყვა და ბეტონის კედელს მიღმა ამოჰყო თავი. არც აქ გაჩერდა, გზა გააგრძელა და მაშინღა მოუხვია, როდესაც მიხვდა, რომ ასე ტრასას ვერ დაუბრუნდებოდა.


„52-ე წრის ბოლო მოსახვევს ავცდი. იმ მომენტში შუშა დაორთქლილი იყო და კარგად ვერ ვხედავდი. სადაც ეს მოხდა, იქ მხარდაჭერის რბოლების პიტლეინია, ოღონდ სანამ იქ შეხვალ, ჭიშკარია გასავლელი. ამ გზაზე 2001 წელსაც გამივლია და მაშინ ეს ჭიშკარი ღია იყო. ამჯერად კი დაკეტილი დამხვდა. შემდეგისთვის გავითვალისწინებ და წინასწარ ვნახავ, გახსნილია, თუ არა“, - ამბობს რაიკონენი, რომელმაც ბრაზილიური რბოლა მე-10 ადგილზე დაასრულა. ამგვარად, ის ერთადერთი პილოტია, ვინც სეზონის ყველა რბოლაში შეძლო ქულის აღება.

ამ შემთხვევას გამოხმაურება მოჰყვა ინტერნეტ მედიაში, სადაც ფინელ პილოტს ხშირად „სწყალობენ“ ხოლმე. თუმცა, ყოველივეს რაიკონენი არ გაუღიზიანებია. ყოველ შემთხვევაში, გარეგნულად არ შეუმჩნევია. სულ ახლახანს, აბუ დაბის რბოლისას, „ლოტუსის“ ერთ-ერთ წევრს, რომელმაც ტრასაზე არსებული სიტუაცია რადიოთი მოახსენა და ტემპის გაზრდა ურჩია, მკვახედ უპასუხა, თავი დამანებეთ, ვიცი, როგორც უნდა მოვიქცეო...

თუმცა, მთავარი ისაა, რომ ფ1-ში დაბრუნებისთანავე, რაიკონენმა ტიტულისთვის თითქმის ბოლომდე იბრძოლა და სწორედ აბუ დაბიში გამარჯვების შემდეგ დაკარგა ჩემპიონობის შანსი. საერთო ჯამში, გასული სეზონი შეფასდა, როგორც კიმისთვის ძალიან წარმტებული.

რაც შეეხება მის თანაგუნდელ რომენ გროჟანს, მას ამჯერადაც ავარია მოუვიდა. მე-6 წრეზე მან საჭეზე კონტროლი დაკარგა და კედელს დაეჯახა. ოფიციალური ინფორმაციით, შეჯახებისას გადატვირთვამ 9.5g-ს მიაღწია, თუმცა ფრანგი პილოტი ტრავმას გადაურჩა.

ვიდეო

No comments:

Post a Comment