Monday, December 17, 2012

გროჟანმა ჩემპიონთა რბოლა მოიგო


Grosjean wins Race of Champions
17 დეკემბერი
რომენ გროჟანი ჩემპიონთა ჩემპიონია
ბანგკოკში (ტაილანდი) გამართული ჩემპიონთა რბოლა, ფრანგი რომენ გროჟანის გამარჯვებით დასრულდა. გროჟანმა, ვისაც „ლოტუსთან“ კონტრაქტი ჯერ არ გაუგრძელებია, მეოთხედფინალში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი სებასტიან ფეტელი, ნახევარფინალში კი შვიდგზის ჩემპიონი მიხაელ შუმახერი დაამარცხა. ფინალში ლე მანის 24-საათიანი რბოლის რვაგზის გამარჯვებულს, დანიელ ტომ კრისტენსენსაც მოუგო.

მიხაელ შუმახერი და სებასტიან
ფეტელი გამარჯვებას ზეიმობენ
„ფორმულა ერთში ძალიან ძნელი სეზონი მქონდა და მიხარია, რომ ის ამ გამარჯვებით დავასრულე. ახლა არდადეგებზე დამშვიდებული წავალ“, - განაცხადა ფრანგმა, ვინც გუნდური ტურნირის ფინალში, გერმანიის ნაკრებთან (ფეტელი და შუმახერი) წააგო.
შეგახსენებთ, რომ გასული სეზონის განმავლობაში, გროჟანმა არაერთი ინციდენტი გამოიწვია. მათი უმეტესობა რბოლის დასაწყისში ხდებოდა ხოლმე, რის გამოც, მარკ ვებერმა ფრანგს „პირველი წრის ფსიქოპატი“ შეარქვა. ბელგიის დიდი პრიზის სტარტზე მომხდარი ავარიის გამო, რომელმაც რამდენიმე მანქანა დაამტვრია, გროჟანი ერთრბოლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.
მარცხნიდან: ტურნირის მთავარი ორგანიზატორი მიშელ მუტონი,
რომენ გროჟანი და ტომ კრისტენსენი
ჩემპიონთა რბოლის გუნდურ ტურნირში, გერმანიის გუნდმა ზედზედ მეექვსედ გაიმარჯვა. შუმახერმა და ფეტელმა, გროჟანის და რალის მრბოლ სებასტიან ოჟიეს წყვილს აჯობეს. მართალია, შუმახერმა ფ1-ში თავისი კარიერა დაასრულა, მაგრამ ბანგკოკში გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ ფეტელთან ერთად, გერმანიის გუნდში მომავალ სეზონშიც იასპარეზებს და მოპოვებული ტიტულის დაცვას ისევ ეცდება. ჩემი იღბლიანი რიცხვი შვიდია და რატომ არ უნდა ვცადო, ჩემპიონთა რბოლაშიც მეშვიდე ტიტული მოვიგოო, - განაცხადა შუმიმ.
ჩემპიონთა რბოლა 25-ედ ჩატარდა და მას პირველად უმასპინძლა ტაილანდმა. როგორც წესი, ამ ტურნირში სხვადასხვა სარბოლი სერიების ჩემპიონები და გამორჩეული მრბოლები მონაწილეობენ, რომლებიც ერთმანეთს წყვილთა რბოლებში, ერთნაირი მანქანებით ეჯიბრებიან.

No comments:

Post a Comment