Thursday, December 13, 2012

ველომობილი „ელფი“ ფეხის ძალას და მზის ენერგიას იყენებს

ELF velomobile is powered by you and the Sun
13 დეკემბერი
თანამედროვე საავტომობილო ინდუსტრიაში ნელი რევოლუცია მიმდინარეობს - შიდაწვისძრავიან ავტომობილებს ჰიბრიდები და ელექტრომობილები ცვლის. ეს პროცესი წლების განმავლობაში გაიწელება და საბოლოოდ, ელექტრომობილები დამკვიდრდება. თუმცა დღეს ასეთ სატრანსპორტო საშუალებებს ბევრი მინუსი აქვს. მათ შორისაა სიძვირე, დამუხტვისთვის საჭირო დიდი დრო და სვლის მცირე სიშორე.

მოკლედ, ჩრდილოეთ კაროლინაში ბაზირებულმა კომპანია „ორგანიკ ტრანზიტმა“ შეიმუშავა სამბორბლიანი ველომობილი, სახელად ELF, რომელსაც ჩამოთვლილი პრობლემები არ ახასიათებს და თანაც, ვარჯიშის საუკეთესო საშუალებასაც წარმოადგენს. როგორ? როგორ და... მას მამოძრავებელ ძალას მძღოლის ფეხები მიანიჭებს.
ველომობილი ერთადგილიანია, მისი სტრუქტურა ალუმინისგანაა დამზადებული და შესაბამისად, ძალიან მსუბუქია. უცნაურ სამბორბლიან ველო-მანქანას უკან მცირე საბარგულიც კი აქვს. მისი საქარე შუშა პოლიკარბონატისგანაა დამზადებული და ისიც ძალიან მსუბუქია. თქვენ წარმოიდგინეთ, ავტომობილს ფარებიც კი აქვს.
როგორც უკვე ითქვა, მანქანის ძირითადი მამოძრავებელი მძღოლის ფეხებია, რომლებითაც პედლებს ატრიალებს. თუმცა, თუ დაიღლება, შეუძლია პატარა ელექტროძრავიც აამოქმედოს. ესაა მუდმივი (ნეოდიმიუმის) მაგნიტის მქონე ელექტროძრავი, რომელიც სულ რაღაც, 750 ვატს გამოიმუშავებს. ენერგიით მას ლითიუმის ელემენტების მცირე ბლოკი ამარაგებს, რომელიც 3.6 კილოგრამს იწონის. ამ ბლოკის ენერგოტევადობა საკმარისია იმისათვის, რომ ველომობილმა 30-48 კილომეტრი გაგატაროთ.
ამ ელემენტების სტანდარტული შტეპსელიდან დამუხტვა ორ საათში ესწრება. ამასთან, გზაში ენერგიის შესავსებად, ავტომობილს სახურავზე მზის ფოტო ელემენტების ბლოკიც აქვს. რა თქმა უნდა, ამ ბლოკით ენერგიის შევსება მაშინაც შეიძლება, როდესაც მანქანა გაჩერებულია.
ველომობილი სამთო ველოსიპედის ტიპის ბორბლებზე დგას, რომელთა დიამეტრიც 26 დუიმია. მაქსიმალური სიჩქარე 32 კმ/სთ-ს აღწევს. მანქანის წონა, ელემენტების ბლოკთან ერთად, სულ რაღაც, 45 კილოგრამია. სამბორბალას ამერიკაში მოტორიანი ბაისიკლის (ველოსიპედის) კლასიფიკაცია მიანიჭეს.
„ორგანიკ ტრანზიტი“ და მისი დამაარსებელი, ამერიკელი მილიარდერი რობ კოტერი ჯერ მხოლოდ 100 ცალი „ელფის“ დამზადებას გეგმავენ. თითოეული ველომობილის ფასი 4000 დოლარი იქნება.

No comments:

Post a Comment