Thursday, December 13, 2012

„ჰიუნდაი“ რალის მსოფლიო ჩემპიონატზე 70 მილიონ ევროს დახარჯავს


Hyundai WRC
13 დეკემბერი
„ჰიუნდაი“ რალის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება. კორეულმა კომპანიამ ამ საქმისთვის სუბკომპაქტური ჰეჩბეკი i20 აირჩია, რომელიც უკვე გადის სატესტო პროგრამას. პარალელურად, ამ პროექტის გასაცნობად, კომპანიამ კორეაში ჟურნალისტები მიიწვია, რომლებსაც პირადად წარუდგინა სარბოლი ავტომობილი.

პრეზენტაციაზე ითქვა, რომ i20 WRC მალე ევროპაში, კერძოდ კი გერმანიის ქალაქ ოფენბახში გაიგზავნება, სადაც მისი სრულყოფის პროცესი გაგრძელდება. გერმანიაშივე იქნება საქარხნო გუნდის ბაზა. სხვათა შორის, ავტომობილი მაკომპლექტებლების ნაწილს გერმანული კომპანიებისგან ღებულობს. მაგალითად, გადაბმის ქურო „ზაქსისაა“, რომელიც იმავდროულად, „ფოლკსვაგენის“ პარტნიორიცაა. სარბოლი ავტომობილისთვის ელექტრონულ მოწყობილობას კი „ბოში“ ამზადებს.
ყველაზე საინტერესო ისაა, რომ სეზონზე „ჰიუნდაი WRC-ის“ ბიუჯეტი 60-70 მილიონი ევრო იქნება, ანუ უფრო მეტი, ვიდრე ბოლო სეზონების უცვლელ ტრიუმფატორ „სიტროენს“ აქვს. თუმცა აქ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რალის მსოფლიო ჩემპიონატზე დაბრუნებული „ფოლკსვაგენის“ ბიუჯეტი კიდევ უფრო მეტი იქნება.
პრეზენტაციაზე არაფერი თქმულა საქარხნო გუნდის შეფზე, აღინიშნა, რომ ის სკანდინავიელია. შესაძლოა, ეს დანიელი კრის ნისენი იყოს, ვისაც ამ საქმეში უზარმაზარი გამოცდილება აქვს. ნისენი „ფოლკსვაგენის“ რალის პროგრამას ხელმძღვანელობდა, თუმცა ცოტა ხნის წინ, გერმანული კომპანიის ბანაკი დატოვა.
„ჰიუნდაი“ რალის მსოფლიო ჩემპიონატზე ოფიციალურ დებიუტს 2014 წლის სეზონში გეგმავს, თუმცა ცალკეულ რბოლებში მომავალ სეზონშიც იასპარეზებს. და ეს მისთვის სატესტო რბოლები იქნება.

No comments:

Post a Comment