Sunday, December 16, 2012

15 წელი მასშტაბური მოდელის შესაქმნელად (ვიდეო)


Exact 1/3-Scale Replica of a Ferrari 312
16 დეკემბერი
პიერ შერი „ფერარის“ ფანია. ტელეკომუნიკაციების ინჟინერს, ბავშვობიდან უყვარს რბოლები და სარბოლი „ფერარის“ ხმა. რა თქმა უნდა, იმაზეც ოცნებობდა, რომ ასეთი მანქანის საჭეს მისჯდომოდა. მაგრამ ასეთი ავტომობილის შეძენა, მის შესაძლებლობებს აღემატებოდა...


სამაგიეროდ ჩაიფიქრა, რომ მსგავსი ავტომობილი თავად შეექმნა. ამისათვის მანქანის ნახაზების შექმნა დაიწყო. ამ საქმეს სამი წელი დასჭირდა. ნახაზებს ფოტოსურათების მიხედვით ქმნიდა. ხაზვაც კი სპეციალურად, ამ საქმისთვის შეისწავლა. შემდეგ კი მანქანის აწყობას შეუდგა. თუმცა, მანქანა მასშტაბური მოდელი იყო - 1:3 მასშტაბით.


 ყველა დეტალს, ნაწილს იმავე ტექნოლოგიით ამზადებდა, რომლითაც რეალური ავტომობილი იქმნება. თავადვე შექმნა საბურავები, ბორბლები, საქარე შუშა, ფარები, აკუმულატორი, მზიდი ჩარჩო, ამორტიზატორები, მუხრუჭები და მაჩვენებლების დაფაც კი, სრულად ფუნქციონირებადი ტაქსომეტრით, საწვავის დონის მზომით და სხვა. გასაღებიც კი ისეთივეა, როგორიც ნამდვილ სარბოლს ჰქონდა. თანაც, ეს გასაღები რეალურია და მასშტაბურ მოდელსაც ქოქავს...


 ნახაზებიდან მასშტაბური ავტომობილის შექმნას 12 წელი მოანდომა. რა თქმა უნდა, ავტომობილის მთავარი ნაწილი ძრავია - ჰორიზონტალურად ოპოზიტური H12, რომლის მუშა მოცულობაც 100 კუბური სანტიმეტრია. ძრავი საწვავის შეფრქვევის სისტემითაა აღჭურვილი, აქვს ეგრეთ წოდებული მშრალი კარტერი. მარტო ძრავის შექმნას სამი წელი დასჭირდა. შერიმ გამოსაბოლქვის მომართვას დიდი დრო მოანდომა. სამაგიეროდ, ის ისე მღერის, როგორც ნამდვილი „ფერარი“.


 ერთადერთი, რის შესაქმნელადაც დახმარება დასჭირდა, გადაცემათა კოლოფია. ისიც იმიტომ, რომ მისი დეტელების შესაქმნელად ეგზოტიკური მასალები დასჭირდა. შერიმ კომპანია „კოლეტის“ მიმართა, რომელიც „ფერარის“ სარბოლ კოლოფებს უმზადებს. საბოლოოდ, მასშტაბური „ფერარი 312 PB“ ხუთსაფეხურიანი კოლოფით (რა თქმა უნდა, მექანიკურით) აღიჭურვა, რომელსაც უკუსვლის გადაცემაც კი აქვს.


პიერს თავისი შედევრის შესაქმნელად სულ 20 000 საათი დასჭირდა. მასზე მუშაობა 1992 წელს დაასრულა. ამ ნაშრომში მას არაერთი აღიარება და ჯილდო აქვს მიღებული. ამ ყველაფერმა კი იქამდე მიიყვანა, რომ სამ ახალ მოდელზე დაიწყო მუშაობა. სამივე „ფერარია“ – „ფერარი 330 P4“, კიდევ ერთი „ფერარი 312 PB“ და „ფერარი 250 GTO“. რა თქმა უნდა, სამივე 1:3 მასშტაბში შესრულდება.

სპეციალური მადლობა ზვიად ციკოლიას

ვიდეო

No comments:

Post a Comment