Thursday, November 29, 2012

ჩინელები MG-ს აცოცხლებენ

MG's strategy to rise again in Europe?
29 ნოემბერი

ერთ დროს, ორი ბრიტანული ბრენდი - „მინი“ და MG ერთ ხელში იყო და მათ თავიანთი თაყვანისმცემლები ჰყავდათ. მაგრამ მერე მათი გზები გაიყარა - „მინი“ „ბეემვემ“ შეიფარა, MG კი ჩინელებმა დაისაკუთრეს. „მინი“ დღეს წარმატებული კომპანიაა და თავისი წვლილი შეაქვს ბავარიული კომპანიის მიღწევებში, MG-ზე კი ჩინური კონგლომერატი SAIC-ი დიდ იმედებს ამყარებს.

ბრიტანული გამოცემა „ავტოქარი“ ირწმუნება, რომ MG6 გაცილებით სასიამოვნო და ადვილად სამართავი ავტომობილია, ვიდრე „ფორდ ფოკუს ცეტეკ S“ და ამის მსგავსი ავტომობილები - ეს ავტომობილი MG-ს ლონგბრიჯის ახალ ევროპულ დიზაინ ცენტრშია შემუშავებული და კომპანიის ევროპულ სადილერო ქსელში იყიდება. მალე ეს კომპანია, ბრიტანეთის ტურინგის კლასის ჩემპიონატში ჩაერთვება და ამბიციებს არ მალავს. დაბოლოს, კონცეპტუალური „აიკონი“ თავისი გარეგნობით გვახსენებს, რომ ერთ დროს, „მინის“ ნათესავი იყო...
ეს ყველაფერი იმისთვის ჩამოვთვალეთ, რომ ნათელი გამხდარიყო - MG-ს სოლიდური პოტენციალი აქვს, რომლის მაქსიმალურ გამოყენებასაც SAIC-ი აპირებს. თუმცა, სტარტი არც ისე შთამბეჭდავია - ჩინეთში შარშან მხოლოდ 100 000 ცალი MG6-ის გაყიდვა მოხერხდა. გარდა ამისა, ეს ავტომობილი ბრიტანეთშიც შეაქვთ, მაგრამ ჯერ მხოლოდ 1000 ცალია გაყიდული.
მაგრამ ჩინური კომპანია ოპტიმიზმს არ კარგავს და ამ მარკას დიდ იმედებს უკავშირებს. SAIC-ის მარკეტოლოგები თვლიან, რომ დახვეწილი დიზაინია ის იარაღი, რომელიც MG-ს ევროპულ ბაზარზე დამკვიდრებაში შეუწყობს ხელს. ისინი თვლიან, რომ სწორედ ეს ფაქტორია მთავარი „კიასთვის“, რომელიც ძველ კონტინენტზე სტაბილურად ზრდის გაყიდვებს.
MG-ს დიზაინის შტოს „ნისანის“ დიზაინის ყოფილი აღმასრულებელი უძღვება, რომლის ხელმძღვანელობითაც მუშავდება MG3-ის და MG5-ის სტილი. ეს ავტომობილები ევროპის ბაზარზე მალე შევა და სწორედ მაშინ გამოჩნდება, რა მიმართულება აქვს აღებული MG-ს. რა თქმა უნდა, მისი დიზაინერების შესაძლებლობებზე წარმოდგენა შეიძლება კონცეპტუალურმა „აიკონმაც“ (ფოტოზე) შეგვიქმნას, მაგრამ ჯერჯერობით, ეს მხოლოდ კონცეპტუალური ავტომობილია...
SAIC-ის და MG-ს მარკეტოლოგებს ერთი საინტერესო მოსაზრება აქვთ - ისინი თვლიან, რომ თუ რომელიმე მოდელი ევროპაში პოპულარული გახდება, მას ჩინეთის ბაზარზეც წარმატება გარანტირებული ექნება. ამიტომ, მალე MG გაყიდვებს მალე ბენელუქსის (ბელგია, ჰოლანდია, ლუქსემბურგი) ქვეყნებშიც შეუდგება.
მაგრამ ბევრი SAIC-ის სტრატეგიას ეჭვის თვალით უყურებს. და აი, რატომ: „კიას“ წარმატებები მხოლოდ პეტერ შრაიერის გადაბირების და დახვეწილი კორპორატიული სტილის შემუშავების შედეგი არაა. კორეული კომპანია სახსრებს არ იშურვებს კვლევებსა და განვითარებაზე. და ტექნლოგიებს ნათესავი „ჰიუნდაისგან“ იზიარებს. რა თქმა უნდა, ელეგანტური პროდუქციის კარგი გაყიდვებისთვის, შესაბამისი სამარკეტინგო სამუშაოებია შესასრულებელი...

No comments:

Post a Comment