Thursday, November 29, 2012

FIA-ს ფეტელის გასწრებებთან დაკავშირებით კითხვები არ აქვს


FIA says 'no case' to answer in Vettel overtaking controversy
29 ნოემბერი
საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA) გამოაცხადა, რომ ბრაზილიის დიდ პრიზზე, სებასტიან ფეტელის მიერ „ტორო როსოს“ ჟან-ერიკ ვერნის გასწრებასთან დაკავშირებით, არავისგან არანაირი პრეტენზია არ მიუღია და აქედან გამომდინარე, არც იმის მიზეზი არსებობს, რომ ამაზე ვინმეს პასუხები გაეცეს. ამასთან, ჟურნალ „ავტოსპორტთან“ საუბრისას, FIA-ს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ფეტელის გასწრების ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანაც არ ღირს.

შეგახსენებთ, რომ სტარტიდან პირველივე მოსახვევში, ფეტელი ბრუნო სენას შეეჯახა, რამაც ბოლო ადგილზე გადაისროლა. მაგრამ აქედან მოყოლებული, სულ რამდენიმე წრე დასჭირდა იმისათვის, რომ მოწინავე ექვსეულში გამოჩენილიყო. საბოლოოდ კი მან რბოლა სწორედ მე-6 ადგილზე დაასრულა, რაც ჩემპიონობისთვის საკმარისი გამოდგა. მისმა კონკურენტმა ფერნანდო ალონსომ მეორე ადგილი დაიკავა და ტიტულისთვის ბრძლაში, გერმანელთან 3 ქულა დათმო.
რბოლის მეორე დღეს, რამდენიმე ტელევიზიამ აჩვენა კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ ფეტელი ვერნს და კამუი კობაიაშის ყვითელ შუქნიშნებზე ასწრებს. არადა, როდესაც ყვითელს ანთებენ, გასწრებაც არ შეიძლება და პილოტმა გაზიდან ფეხიც უნდა აიღოს. თუმცა ერთ შემთხვევაში, ყვითელ შუქნიშანს მწვანე ენაცვლება და გასწრება სწორედ მწვანე შუქნიშნის ზონაში ხორციელდება, მეორე შემთხვევაში კი, როგორც FIA განმარტავს, ყვითელი შუქნიშნის მოქმედების ზონაში, სტიუარდები მწვანე დროშებს აფრიალებენ. სტიუარდების ქმედება კი პრიორიტეტულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ფეტელს წესები არ დაურღვევია.
ოთხშაბათს „ფერარიმ“ გამოაცხადა, რომ შეისწავლა ფეტელის მიერ ვერნის გასწრების მომენტი, რომელიც მე-3 და მე-4 მოსახვევებს შორის მაშინ მოხდა, როდესაც იქ ყვითელი შუქნიშნის ზონა იყო. ამ საკითხის განსამარტად, იტალიურმა გუნდმა FIA-ს მიმართა. ამასთან, ამ გასწრებასთან დაკავშირებით, რბოლის დროს ეჭვიც კი არ გაჩენილა. ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, სტიუარდები გამოაცხადებდნენ, რომ საკითხი განიხილება. მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა.
მოგვიანებით, „ფერარიმ“ ითხოვა მომენტის განხილვა, მაგრამ უარყოფითი პასუხი მიიღო და მარანელოელებსაც არანაირი ეჭვი არ გასჩენიათ. სხვათა შორის, ეს რომ გაიგეს, „რედ ბულის“ ხელმძღვანელობა ნათესავი „ტორო როსოს“ ბოქსებს დაუკავშირდა და ვერნის ტემპის შემცირება სთხოვა. იტალიურმა გუნდმა თხოვნა დააკმაყოფილა, თუმცა მას შემდეგ, რაც FIA-მ „ფერარის“ პასუხი გასცა, ვერნმაც ტემპი გაზარდა. თუმცა, რბოლიდან ერთი საათის განმავლობაში მაინც იყო იმის შესაძლებლობა, რომ „ფერარის“ საკითხის განხილვა მოეთხოვა, რაც აღარ მოხდა.
იმ შემთხვევაში, თუ გასწრება წესების დარღვევად შეფასდებოდა, ფეტელს პიტლეინზე უქმედ გავლით დააჯარიმებდნენ. მაგრამ რბოლის მსვლელობისას, ამ ჯარიმის მოხდა ვერ მოესწრებოდა, მის შედეგს 20 წამი მოემტებოდა. ამ შემთხვევაში, ის ვერნთან ერთ წამს წააგებდა და მერვე ადგილზე გადაინაცვლებდა. საბოლოოდ კი ტიტულისთვის ბრძოლაში, ალონსოსთან ერთ ქულას წააგებდა...

No comments:

Post a Comment