Wednesday, November 28, 2012

„უილიამსმა“ ბრუნო სენა ვალტერი ბოტასით შეცვალა


Williams confirms Valtteri Bottas and Pastor Maldonado for 2013
28 ნოემბერი
„უილიამსმა“ გამოაცხადა, რომ მომავალ სეზონში, მისი მანქანებით ვენესუელელი პასტორ მალდონადო და ფინელი ვალტერი ბოტასი იასპარეზებენ. ეს უკანასკნელი ბრაზილიელ ბრუნო სენას შეცვლის, რომელმაც გასულ სეზონში თავი ვერაფრით გამოიჩინა.

გასულ სეზნში ბოტასს არაერთხელ (20-დან 15 ეტაპზე) მიეცა თავისუფალ პრაქტიკებზე გამოსვლის საშუალება. ის „უილიამსის“ სარეზერვო პილოტი იყო და ბევრი ელოდა, რომ მომავალ სეზონში სენას ადგილს დაიკავებდა, რადგან პრაქტიკებზე არაერთხელ დაამტკიცა, რომ სწრაფი მრბოლია.
23 წლის ბოტასი შარშან გრანპრი3-ის ჩემპიონი გახდა, „უილიამსმა“ კი ყურადღება ერთი წლით ადრე მიაქცია, რაც ფინელთან კონტრაქტის გაფორმებით გამოხატა. ბრაზილიის დიდი პრიზის შემდეგ, ჟურნალ „ავტოსპორტთან“ საუბრისას ბოტასმა განაცხადა, რომ ძალიან სჭირდება რბოლებში მონაწილეობა. ფ1-ის რბოლებში გამოსვლა კი მისთვის ოცნების ახდენა იქნება.
„მთელი ჩემი ცხოვრება ვოცნებობ, რომ ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატში ვიასპარეზო. ახლა კი ამის საშუალება მექნება და თანაც, ლეგენდარულ გუნდში, რაც ჩემთვის განსაკუთრებული მოვლენა იქნება. აქ უკვე სამი წელი გავატარე და იმედი მქონდა, რომ ახალ სეზნში რბოლებში მონაწილეობასაც შევძლებდი“, - ამბობს ბოტასი.
თავისი გუნდის შემადგენლობით კმაყოფილია ფრენკ უილიამსიც: „პასტორის და ვალტერის სახით, ჩვენს გუნდს ორი გამორჩეული ნიჭის მქონე პილოტი ეყოლება. ახალ სეზონს მოუთმენლად ველით, რადგან ვიცით, რომ წინსვლის გაგრძელება შეგვიძლია. პასტორის შესაძლებლობებში ეჭვი არც ადრე შეგვიტანია, ამ სეზონში კი ის სრულყოფილ პილოტად ჩამოყალიბდა. ვალტერი კი უბრალოდ, ძალიან ნიჭიერი პილოტია, რომლისგანაც მომავალში კარგ შედეგებს ველით“.
ფრენკ უილიამსმა ასევე მადლობა გადაუხადა სენას, რომელსაც ფ1-ში დარჩენის ძალიან მცირე შანსი აქვს, რადგან გუნდბში ვაკანსიები თითქმის შევსებულია.

No comments:

Post a Comment