Sunday, November 25, 2012

ფეტელი სამგზის ჩემპიონია!

Vettel becomes F1's youngest triple champion
25 ნოემბერი

სებასტიან ფეტელი ფორმულა ერთის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა სამგზის მსოფლიო ჩემპიონი გახდა! მორიგი ტიტულის ბედი ბრაზილიაში, სან პაულუს ინტერლაგუშზე გადაწყდა. საქმეში ისევ წვიმა ჩაერია და რბოლა ლატარეას დაემსგავსა, რომლის დროსაც, იყო მომენტები, როდესაც ჩემპიონი ფერნანდო ალონსო ხდებოდა...

და ვის აინტერესებდა ამ დროს, რომ რბოლას სულ სამი ლიდერი ჰყავდა, რომელთაგან ერთი - ნიკო ჰულკენბერგი, თავის კარიერაში პირველი გამარჯვებისთვის იბრძოდა, „მაკლარენს“ გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილის დაკავების და მასთან ერთად, რამდენიმე საპრიზო მილიონი დოლარის მიღების შანსი ჰქონდა, ლუის ჰამილტონი „მაკლარენთან“ გამარჯვებით დამშვიდობებას ცდილობდა და რა თქმა უნდა, მიხაელ შუმახერი თავისი სახელოვანი კარიერის ბოლო, 308-ე რბოლას ატარებდა.

ფეტელს მეოთხე ადგილი სჭირდებოდა იმისათვის, რომ ზედიზედ მესამე ტიტული დაესაკუთრებინა. ალონსოს კი მინიმუმ მესამე ადგილი სჭირდებოდა იმისათვის, რომ მასაც მესამე ტიტულის მოპოვების შანსი ჰქონდა. ოღონდ, ამ შემთხვევაში ფეტელს ქულაც ვერ უნდა აეღო. რა თქმა უნდა, ფეტელის ათეულში შეუსვლელობა წარმოუდგენლად ჩანდა, მაგრამ საქმეში ფორტუნა ჩაერია - სეზონის ბოლო ეტაპი წვიმის აკომპანიმენტით ჩატარდა. თანაც, წიური ნამი პერიოდულად ასველებდა ტრასას, თითქოს განგებას სურდა, რომ ბრძლა გაერთულებინა და მაყურებლისთვის დაუვიწყარი სანახაობა ეჩუქებინა...
ასეც მოხდა: სტარტზევე ყველაფერი თავდაყირა დადგა! სტარტზე ვებერი შეყოვნდა, მას კი მასამ გაასწრო, რომელმაც პირველ მოსახვევში ჯენსონ ბატონიც ჩამოიტოვა. მაგრამ მთავარი შუა რიგებში მოხდა - ფეტელმა, ვებერის შეფერხებით ვერ ისარგებლა და ოდნავ ჩამორჩა. მერე კი როგორღაც, ერთმანეთტან მებრძოლი სერხიო პერესის და ბრუნ სენას უკან აღმოჩნდა და ამათი გასწრება სცადა. მაგრამ მოულოდნელად, მისი „რედ ბული“ ცხვირით სენას „უილიამსს“ გამოედო. ფეტელი დატრიალდა და წამში პელოტონის კუდში ამოყო თავი...
ამასობაში ალონსოც შეცდა, მაგრამ ტრასზე დაბრუუნებული მასას და ვებერის წინ დარჩა. მისი შეცდმით მხოლოდ ჰულკენბერგმა ისარგებლა. სხვათა შორის, შეცდომების დაშვებაში პილოტებს სველი ტრასა ეხმარებოდა - რბოლის დასაწყისიდანვე ოდნავ ჟინჟლავდა, თუმცა პილოტებმა სტარტზე მაინც სლიკებით დადგომა ამჯობინეს. რბოლის დასაწყისში, ბარონმა და ჰამილტონმაც რამდენჯერმე გაცვალეს პოზიციები და ბოლოს წინ ბატონი დარჩა.
მერვე წრეზე ფეტელი უკვე მე-6 ადგილზე იყო! ძნელია იმის თქმა, როგორ მოახერხა ეს. მითუმეტეს, სტარტზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ, მას ბოქსში შესვლა მოუწია და თან, დაზიანებული მანქანით ასპარეზობდა - მანქანის ძირის ის ნაწილი, რომელიც მარცხენა უკანა ბორბლის წინ მდებარეობს, დამტვრეული იყო. სამი წრის შემდეგ, ფეტელი და ალონსო თითქმის ერთდროულად შევიდნენ ბოქსში... იქვე რეზინის შეცვლა ჰამილტონმაც გადაწყვიტა. ყველამ სუსტი წვიმის რეზინი დააყენა.
ლიდერებს შორის მხოლოდ ბატონი და ჰულკენბერგი დარჩნენ ტრასაზე ძველი სლიკებით. მე-19 წრეზე ჰულკენბერგმა ბატონს გაასწრო, ჰამილტონმა კი მეორედ შეცვალა რეზინი - ტრასა საკმაოდ შეშრა და საშუალედ რეზინი წამგებიანი იყო, რის გამოც ამჯერად სლიკები დააყენა. ამ დროს, ჰულკენბერგი და ბატონი მას თითქმის 50 წამს უგებდნენ. მაგრამ სველ ტრასაზე შეცდომები გახშირდა, ტრასა ნამტვრევებით მოიფინა, რასაც უსაფრთხოების მანქანის გამოსვლა მოჰყვა. ლიდერების სოლიდური უპირატესობა საპნის ბუშტივით გაქრა. და მათაც ბოქსებს მიაშურეს - ამით მაინც იხეირეს და რეზინი პირველად სწორედ პეისკარის დროს შეცვალეს.
ამის შემდგაც უამრავი ინციდნტი მოხდა. ერთხელ ალონსოს კამუი კობაიაშიმ გაასწრო, თუმცა ესპანელმა პოზიცია მალევე დაიბრუნა. ჰამილტონმა ბატონს გაასწრო და მერე ჰულკენბერგის შეცდმიტაც ისარგებლა. კიმი რაიკონენმა კი, რომელიც ერთგვარად ჩრდილში აღმოჩნდა, უცნაური მანევრით „გამოიჩინა თავი“. ამაში კი შეცოდმა დაეხმარა - გზას ასცდა და ბალახებიდან ასფალტზე გადაუხვია, მაგრამ ამ გზამ ჩიხში შეიყვანა. ამას რომ მიხვდა, „ლოტუსი“ მოაბზრიალა და ტრასაზე მალევე გამოაგნო...
55-ე წრეზე ლიდრი უკვე საბოლოოდ შეიცვალა: ჰამილტონი ერთ-ერთი აუტსაიდერის უკან მეტისმეტად დიდხანს ჩარჩა, რითაც სარგებლობა ჰულკენბერგმა სცადა, მაგრამ მანქანა მოუცურდა და ჰამილტონს დაეჯახა. ორივე მოცურდა. ბრიტანელს წინა მარცხენა საკიდარი დაუზიანდა, გერმანელმა კი გზის გაგრძელება შეძლო, თუმცა ზედმეტად გულმოდგინე სტიუარდებმა პიტლეინზე გავლით დასაჯეს.
ამასობაში კი წვიმა გაძლიერდა და ყველამ ბოქსებს მიაშურა. მათ შორის ბატონმაც, ვინც ტრასაზე ისევ ლიდერად დაბრუნდა. ამ დროს, ალონსოს წინ მასა აღმოჩნდა, მაგრამ ბრაზილიელმა ტიტულისთვის მებრძოლი თანაგუნდელი ადვილად გაატარა. სხვათა შორის, უფრო ადრე თანაგუნდელზე მსგავსი მზრუნველობა ვებერმაც გამოიჩინა. ბოლოსწინა წრეზე პოლ დი რესტამ მანქანა დაამტვრია და ტრასაზე ისევ უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა, რომელმაც პელოტონი ფინიშამდე მიაცილა.

მოკლედ, 25 წლის ფეტელი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი გახდა. ამისათვის მას 101 რბოლაში მონაწილეობა ეყო. ცნობისათვის, ჯეკი სტიუარტმა სამი ტიტული 99 რბოლაში მოიპოვა. სამაგიეროდ, გერმანელის ანგარიშზე 26 მოგებაა, შოტლანდიელისა კი - 27. სულ ფეტელს კარიერაში რბოლა დაუმთავრებია კვარცხლბეკზე, 36 რბოლა კი პოულიდან დაიწყო. ამასთან, 15 რბოლაში უსწრაფესი წრე გაიარა.


„შენ სამგზის მსოფლიო ჩემპიონი ხარ, შენ კაცი ხარ, შენ სამგზის მსოფლიო ჩემპიონი ხარ! რადიოთი იმეორებდა „რედ ბულის“ შეფი ქრისტიან ჰორნერი, ვისაც ხმაც არ ამოუღია მანამ, სანამ ფეტელი ფინიშის ხაზს გაივლიდა. არადა, ის პელოტონთან ერთად, ძალიან დაბალ ტემპში მიჰყვებოდა უსაფრთხოების მანქანას. საბოლოოდ, ჩემპიონმა ალონსოს 3 ქულითღა აჯობა.



ბრაზილიის დიდი პრიზი
სან პაულუ, ინტერლაგუში, დისტანცია 305.909 კმ (71 წრე 4.309 კმ)
1. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                 1:45:22.656
2. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                   +00:02.754
3. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                            00:03.615
4. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული)                      00:04.936
5. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)            00:05.708
6. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)               00:09.453
7. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)                 00:11.907
8. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)             00:28.653
9. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                         00:31.250
10. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                       1 წრე
11. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, კატერჰემი)                 1 წრე
12. შარლ პიკი (საფრანგეთი, მარუსია)                          1 წრე
13. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)      1 წრე
14. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი)              1 წრე
15. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                   1 წრე
16. ტიმო გლოკი (გერმანია, მარუსია)                           1 წრე
17. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ისპანია)                 2 წრე
18. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია)               2 წრე
19გ. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)           3 წრე
გ. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)            17 წრე
გ. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                   66 წრე
გ. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)         70 წრე
გ. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                           71 წრე
გ. ბრუნო სენა (ბრაზილია, უილიამსი)               71 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა
უსწრაფესი წრე: ლუის ჰამილტონი - 1:18.069, 38-ე წრე





მრბოლთა კლასიფიკაცია

1. სებასტიან ფეტელი - 281 ქულა; 2. ფერნანდო ალონსო - 278; 3. კიმი რაიკონენი - 207; 4. ლუის ჰამილტონი - 190; 5. ჯენსონ ბატონი - 188; 6. მარკ ვებერი - 179;

7. ფელიპე მასა - 122; 8. რომენ გროჟანი - 96; 9. ნიკო როსბერგი - 93; 10. სერხიო პერესი - 66; 11. ნიკო ჰულკენბერგი - 63; 12. კამუი კობაიაში - 60; 13. მიხაელ შუმახერი - 49; 14. პოლ დი რესტა - 46; 15. პასტორ მალდონადო - 45; 16. ბრუნო სენა - 31; 17. ჟან-ერიკ ვერნი - 16; 18. დანიელ რიკიარდო - 10;

19. ჰეიკი კოვალაინენი - 0; 19. ვიტალი პეტროვი - 0; 19. პედრო დე ლა როსა - 0; 19. ნარაინ კართიკეიანი - 0; 19. ტიმო გლოკი - 0; 19. შარლ პიკი - 0; 19. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ლოტუსი) - 0



კონსტრუქტორთა პირველობა

1. რედ ბულ-რენო - 460 ქულა; 2. ფერარი - 400; 3. მაკლარენ-მერსედესი - 378; 4. ლოტუს-რენო - 303; 5. მერსედესი - 142; 6. ზაუბერ-ფერარი - 126; 7. ფორს ინდია-მერსედესი - 109; 8. უილიამს-რენო - 76; 9. ტორო როსო-ფერარი - 26;

10. კატერჰემ-რენო - 0; 11. მარუსია-კოსუორტი - 0; 12. ისპანია-კოსუორტი - 0

No comments:

Post a Comment